ესპანური ბიურო „Burr“-ის არქიტექტორებმა ყოფილი ოფისი მინიმალისტური სტილის ბინად გადააქციეს. ამისთვის მკვეთრი ლურჯი ფერის შეკიდული თაროები და სხვა საინტერესო ელემენტები გამოიყენეს.
საცხოვრებელი ბინის პროექტზე, რომელიც ყოფილ ოფისში განთავსდა, მადრიდის არქიტექტურული ბიურო „Burr Studio“-ს გუნდი მუშაობდა. ისინი ამ პროექტს სივრცის გარდასახვისთვის განხორციელებულ ინტერვენციას უწოდებენ. მათ რამდენიმე ზონის აქცენტირება თაროებისა და ლურჯი ლითონის ფირფიტის მეშვეობით მოახდინეს.
„პირველ რიგში, შენობის კედლები და ჭერი გავწმინდეთ, ამან სამუშაოების წარმოებისთვის „ნედლი“ პირველადი ფონი მოგვცა, – ხსნიან პროექტის ავტორები. – შემდეგი ნაბიჯი კონტრასტული ელემენტების ინტერვენცია იყო, რომლებმაც არსებული ნიშები ამოავსო და სივრცეში ზონირების ახალი საზღვრები შემოიტანა“. მთავარი ასეთი ელემენტი ხელოვნური „კორიდორია“, რომელიც მისაღებსა და სასადილოს ჰყოფს. ის ჭერის პანელებსა და ორ ლაკონიურ თაროს შეიცავს, რომლებიც ჭერზეა მიმაგრებული და იატაკიდან ათ სანტიმეტრზე, ჰაერში ლივლივებს. სივრცის ზონირებას მისაღები ოთახის იატაკის საფარიც ახდენს.
ლაჟვარდისფერი ჩანართები მინიმალისტური თეთრი ფერის ინტერიერში ყველგან არის გაბნეული: სამუშაო ოთახის ბიბლიოთეკა, სამზარეულოსა და სასადილოს შორის არსებული ფანჯარა-ბარი, სააბაზანოს ტუმბო და სპორტული დარბაზის ძელი.
პალიტრის მესამე მნიშვნელოვანი ელემენტი ხის ზედაპირებია, რომელიც პროექტის რადიკალურ ასკეტიზმს ცოტათი ანელებს. სასადილოში დიზაინერებმა მონუმენტური მაგიდა და ცილინდრული სადგამების მქონე სკამები დადგეს, გასაშლელი კარი, კედლის პანელები და ზოგიერთი კარადის ფასადი დაწნეხილი ხის ანათალის ფილებისგან დაამზადეს. ლაკონიური საძინებელი ყვითელი „მზის“ ფორმის საწოლის თავით გაამშვენეს.