in

პირველად საქართველოში: უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო

მსოფლიოს მასშტაბით უძრავი ქონების სფეროში მუშაობა პრესტიჟულად ითვლება, თუმცა ამ სექტორში მოხვედრა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. კურსები, სერტიფიცირება, ლიცენზია,  სამუშაო გამოცდილება — მხოლოდ ამ ეტაპების გადალახვის შემდგომაა შესაძლებელი სრულფასოვნად დასაქმდე უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტად.

საერთაშორისო გამოცდილებასთან შედარებით, საქართველოში განსხვავებული სურათია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს უძრავი ქონების აგენტი, ყველანაირი სავალდებულო ტრენინგისა თუ კვალიფიკაციის გარეშე, ამას კი უამრავ პრობლემურ შემთხვევამდე  და არაპროფესიონალურ გარემოებებამდე მივყავართ.

მაგალითად, ბევრი აგენტი არ ფლობს სრულ ინფორმაციას ქონებაზე, რომელსაც ყიდის; ზოგიერთ შემთხვევაში ნამყოფიც კი არ არის ადგილზე. ხშირია მესაკუთრეებისა და მყიდველებისგან ფარულად დამატებითი თანხების აღება გარიგებაში მონაწილე ორივე მხარისაგან. აღნიშნული მაგალითები უძრავი ქონების სფეროში სათანადო განათლების არარსებობით არის გამოწვეული.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ (GNARE-მ) დაიწყო უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი.

ამ მოვლენისთვის ასოციაცია ევროპელ კოლეგებთან ერთად 2 წლის მანძილზე ემზადებოდა; 2023 წლის დასაწყისში დახურული სატესტო ვერსია ჩატარდა, 15 ნოემბერს კი ატესტაციის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

ამ პროცესში ქართულ ასოციაციას (GNARE)  მხარს უჭერს ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია (CEPI), რომელიც კურსდამთავრებულებს, თავის მხრივ,  ევროპულ ატესტირებას გადასცემს, რომლის რეკომენდაციებზე დაყრდნობითაც კურსის პროგრამა და სილაბუსი შეიქმნა.

კურსი 5 კვირიანია და 11 საკითხისა და 1 გამოცდისგან შედგება.

5 კვირის განმავლობაში კურსის მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს::

  1. უძრავი ქონების აგენტის ეთიკის კოდექსი;
  2. უძრავი ქონების ტიპები და მათი მახასიათებლები;
  3. უძრავი ქონების აგენტის ნიშა;
  4. უძრავი ქონების აგენტის მომსახურების მარკეტინგი;
  5. ექსკლუზიური ხელშეკრულებები და მათი სწორი პრეზენტაცია;
  6. იურიდიული საკითხები უძრავ ქონებაში;
  7. საგადასახადო საკითხები უძრავ ქონებაში;
  8. ტრანზაქციის პროცესი უძრავ ქონებაში;
  9. უძრავი ქონების აგენტის ბიზნესის მენეჯმენტი;
  10. უძრავი ქონების შეფასება;
  11. უძრავი ქონების საბანკო საკითხები.

მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ შეძლებენ კურსდამთავრებულები ატესტაციის მიღებას, რის შედეგადაც მათ მიენიჭებათ უნიკალური კოდი, რათა ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი იყოს აგენტის გადამოწმება, თუ რამდენად ფლობს ის იმ საბაზისო აუცილებელ ცოდნას, რაც ამ სფეროს ნებისმიერ პროფესიონალს მოეთხოვება.

კურსის ტრენერები არიან უძრავი ქონების, საბანკო, იურიდიული, საგადასახადო და საშემფასებლო სფეროების წამყვანი სპეციალისტები.

ატესტაციის პროცესი არის ლიცენზირების წინაპირობა, რაზეც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია აქტიურად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან

აღნიშნული მოვლენა ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სფეროს განვითარებასა და პროფესიონალიზმის ზრდას.

„Mosaics“-ის შოურუმს იტალიური ავეჯის ხაზი შეემატა

რას ნიშნავს კვადრატულად დარგვის მეთოდი, რომელსაც მებაღეობაში იყენებენ?