უსადენო მტვერსასრუტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბოლო პერიოდში, მათ შორის უკვე საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Dyson-ის ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში სულ რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა, ქართველი მომხმარებლის დიდი ნაწილისთვის ბრენდის პროდუქცია სიახლეს არ წარმოადგენს. მეც მათ რიცხვში ვარ და შესაბამისად, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება კონკრეტულად Dyson-ის მტვერსასრუტთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბაზარზე უსადენო მტვერსასრუტების საკმაოდ დიდი არჩევანი გვხვდება, Dyson-ის მოდელები ყოველთვის უფრო მაღალი რეიტინგით სარგებლობს. რამდენად მართლა ასეთი გამორჩეულია ეს პროდუქტი? და რაც მთავარია, ღირს თუ არა მის შესაძენად ასეთი მაღალი ფასის გადახდა მაშინ, როდესაც სხვა ბრენდების მიერ შემოთავაზებული მსგავსი მოდელები ბევრად უფრო ბიუჯეტურია? შევეცდები, ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
როგორც ცნობილია, Dyson-ის ერთი ტიპის პროდუქტებში სხვადასხვა მოდელები არსებობს. ეს პრინციპი ვრცელდება მტვერსასრუტებზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენამდე თქვენ მოგიწევთ გადაწყვიტოთ თუ რომელი მოდელის ყიდვა გსურთ. პირადად მე, მცირე კვლევა ჩავატარე და საბოლოოდ, “Dyson V12 Detect Slim Absolute” შევარჩიე.
რატომ კონკრეტულად ეს მოდელი?
პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროდუქტის წონა. ამ ეტაპზე Dyson-ის მოდელებიდან V12 ითვლება ყველაზე მსუბუქ მოდელად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მახასიათებლის გამო მტვრის კონტეინერი სტანდარტულზე მცირე ზომისაა, ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან მირჩევნია ხშირად დავცალო კონტეინერი, ვიდრე სიმძიმის ტარებით ხელი დამეღალოს.
მეორე მთავარი მიზეზი, რის გამოც V12 ავირჩიე არის ის, რომ სხვა მოდელებისგან განსხვავებით, მას აქვს სტანდარტული ჩართვა/გამორთვის ღილაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ მტვერსასრუტი ჩართულია მანამ, სანამ თქვენ მას ისევ არ გამორთავთ ღილაკის მეშვეობით. Dyson-ის სხვა მოდელებში კი ღილაკის ნაცვლად გვხვდება ე.წ. „სასხლეტი“, რომელზეც მთელი პროცესის დროს საჭიროა საჩვენებელი თითის ზეწოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მტვერსასრუტი გაითიშება. ვიფიქრე, რომ ეს საკმაოდ არაკომფორტული იქნებოდა ხანგრძლივი დალაგების დროს.
მესამე მიზეზი, რატომაც ეს კონკრეტული მოდელი შევარჩიე, მდგომარეობს იმაში, რომ მას არ აქვს ჩაშენებული ელემენტი (როგორც უმრავლესობა Dyson-ის მოდელებს), რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ელემენტის ყიდვის შემთხვევაში, შემიძლია დამჯდარი ელემენტი ჩავანაცვლო წინასწარ დატენილით და ასე გავუხანგრძლივო მუშაობის რეჟიმი მტვერსასრუტს. ჩაშენებული ელემენტის მქონე მოდელებში ეს შეუძლებელია და იმ შემთხვევაში თუ თქვენ ელემენტი დაგიჯდათ, მას ვერ გამოცვლით, მტვერსასრუტი დასამუხტად უნდა შეაერთოთ და დაელოდოთ მის დატენვას რამდენიმე საათი.
მართლა ასეთი საოცარია Dyson-ის მტვერსასრუტი?
ჩემი აზრით, კი! როცა პირველად გავტესტე, ეს სიტყვები აღმომხდა: სად ვიყავი აქამდე?! და მაინც, რა არის ასეთი განსაკუთრებული მასში?
პირველ რიგში, სადენის არარსებობა. თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი! ჩემს სტანდარტულ მტვერსასრუტს აქვს ძალიან გრძელი კაბელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე არ მჭირდება მისი რამდენჯერმე შეერთება და გამოერთება, რომ ყველა ოთახს მივუდგე, თუმცა უსადენო მტვერსასრუტი სულ სხვა გამოცდილებაა. ამ შემთხვევაში პროცესი იმდენად სწრაფად მიდის, რომ დაღლაც არ იგრძნობა. მაგალითად, ჩემი ბინის (186 კვ/მ) დალაგებას სტანდარტული მტვერსასრუტით 40 წუთს ვანდომებ, Dyson-ით კი ზუსტად 15 წუთში ვასრულებ ყველაფერს. ჩემთვის ეს დროის და ენერგიის უდიდესი ეკონომიაა.
ამას გარდა, უსადენო მტვერსასრუტის მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ მას იყენებ არა მხოლოდ გრანდიოზული დალაგების შემთხვევაში, არამედ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე, როგორც ცოცხს. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული მტვერსასრუტის გამოყენებასაც არავინ გვიკრძალავს დღეში რამდენჯერმე, დამეთანხმებით, რომ მისი „გამოთრევა“ ყველას ძალიან გვეზარება. როგორც წესი, ასეთი მტვერსასრუტი სპეციალურად გამოყოფილ ადგილას გვაქვს შენახული. საჭიროა მისი გამოტანა, შეერთება, ჩართვა, გაგორება საჭირო ზონებში, მერე ისევ შენახვა… რაც შეეხება Dyson-ს, აქ ყველაფერი უმარტივესადაა. სპეციალური სამაგრის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ მისი მოთავსება ნებისმიერ კედელზე (ჩემთან სამზარეულოში), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ ხსნით საკიდიდან, იყენებთ მას ღილაკზე ერთი თითს დაჭერით და აბრუნებთ ისევ კედელზე – ამ ყველაფერს სჭირდება წამები. ვისაც პატარა ბავშვები გყავთ და პურის ან ორცხობილას ნამცეცები თქვენი მუდმივი თავის ტკივილია, ეს ნივთი თქვენთვის შეუცვლელია.
Dyson-ის კიდევ ერთი უნიკალურობა არის მისი ლაზერიანი თავაკი. ლაზერის მეშვეობით თქვენ ზუსტად ხედავთ თუ სად არის იატაკზე დაბინძურება. მახსოვს ჩემი პირველი შოკი, როდესაც დავინახე, რამდენი მტვერი იდო ჩემს ცოტა ხნის წინ გასუფთავებულ იატაკზე. ლაზერით არც ერთი ზონა არ გამოგეპარებათ. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია მცირე ზომის ნაწილაკების შემთხვევაში, რომლებიც იატაკის ფერშია და შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ამას გარდა, ლაზერიანი თავაკით დასუფთავების დროს არ არის აუცილებელი, რომ სივრცე კარგად განათებული იყოს. თუ რაიმე მიზეზით ოთახში შუქს ვერ ანთებთ, ეს სულაც არაა პრობლემა, რადგან ლაზერი სრულ სიბნელეშიც კი იდეალურად გაჩვენებთ იატაკზე არსებულ დაბინძურებას.
Dyson-ის მოდელებს ასევე მოჰყვება რამდენიმე დამხმარე თავაკი ვიწროდ მისადგომი ადგილებისთვის და რბილი ავეჯისთვის. ასეთი თავაკები ჩემს სტანდარტულ მტვერსასრუტსაც აქვს, თუმცა მათი გამოყენება ჩემთვის ცოტა დამღლელია. მაგალითად, როდესაც იატაკების დასუფთავების პროცესში ვარ და ამ დროს მომინდა რბილი ავეჯის ან პლინტუსების გაწმენდა, ეს იმას ნიშნავს ნიშნავს, რომ უნდა გამოვრთო მტვერსასრუტი, წავიდე იმ კარადასთან, სადაც დამატებითი თავაკები მაქვს შენახული, მოვიტანოთ საჭირო თავაკი, გავწმინდო საჭირო ზონა, შემდგომ კი ისევ დავაბრუნო ეს თავაკი თავის ადგილას და გავაგრძელო იატაკის დასუფთავება. Dyson-ის შემთხვევაში ეს დეტალიც გამარტივებულია. დამხმარე თავაკების მიმაგრება მტვერსასრუტის მთავარ ღერძზეა შესაძლებელი (სპეციალური სამაგრის საშუალებით). შესაბამისად, დალაგების პროცესში თქვენ ადგილზევე შეგიძლიათ შეცვალოთ სხვადასხვა თავები და არ დახარჯოთ დრო მათ მოძიებაზე.
ცვლის თუ არა Dyson-ის უსადენო მტვერსასრუტი სტანდარტულ მტვერსასრუტს?
ჩემი აზრით, არა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულიად უნიკალური პროდუქტია, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებ და არც კი მახსოვს, ბოლოს როდის ჩავრთე სტანდარტული სადენიანი მტვერსასრუტი, ის არ არის იდეალური.
ამის პირველი და უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ Dyson-ის ყველაზე მძლავრ ელემენტსაც კი საკუთარი მაქსიმუმი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოდელის ელემენტის ხანგრძლივობად ინსტრუქციაში 1 საათია მითითებული, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ მტვერსასრუტს დაბალ სიჩქარეზე ვამუშავებთ. იმის გამო, რომ დაბალი სიმძლავრე ჩემთვის არაა მისაღები, ვიყენებ საშუალო სიჩქარეს, რაც მტვერსასრუტს მხოლოდ 20 წუთს ამუშავებს. იმ შემთხვევაში თუ ყველაზე მძლავრ ანუ “Boost” რეჟიმზე ვრთავ, სრულად დატენილი ელემენტი 7-10 წუთში ჯდება. შესაბამისად, გენერალური დალაგებების დროს (განსაკუთრებით დიდი ფართის სახლებში) მხოლოდ Dyson-ის იმედად ყოფნა არ ღირს. როგორც ზემოთ ვახსენე, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი – მაგალითად, ერთზე მეტი ელემენტის ყიდვა. თუმცა, ეს არც ისე იაფი სიამოვნებაა და ამას გარდა, მუდმივად უნდა აკონტროლოთ პროცესი – წინასწარ უნდა გქონდეთ დატენილი „დამხმარე“ ელემენტებიც, რაც შეიძლება ზოგჯერ დაგავიწყდეთ.
ასევე, ბევრისთვის შესაძლოა სტრესულიც იყოს მტვერსასრუტის გამოყენებისას კონკრეტულ დროში ჩატევა. დამეთანხმებით, როდესაც დალაგებისთვის განწყობილი ხარ და ამ დროს ელემენტი ჯდება “შუა გზაზე”, არც ისე სასიამოვნოა. თუმცა, ჩემთვის „დროის ლიმიტი“ საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ვიცი, რომ ელემენტი მალე დაჯდება და ვცდილობ, არაფერზე გადავერთო. შესაბამისად, უსწრაფესად ვალაგებ. მაგრამ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგისთვის დალაგება იმდენად თერაპიული პროცესია, რომ ის უნდა იყოს სრულად თავისუფალი და შეუზღუდავი. ამას გარდა, თუ დამხმარე გყავთ ოჯახში, მას ნამდვილად ვერ აუხსნით, რომ მტვერსასრუტის გამოყენებისას „დროში უნდა ჩაეტიოს“.
შესაბამისად, ვფიქრობ, Dyson-ის მტვერსასრუტი იდეალურია მცირე ზომის ბინებისთვის და არა კერძო სახლების სრული დალაგებისთვის. მახსოვს, როდესაც ამსტერდამში მყოფმა, Dyson-ის შოურუმის კონსულტანტს ვკითხე თუ რომელ მოდელს მირჩევდა, დაუფიქრებლად მიპასუხა, რომ პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინო ბინის ფართობი და შემდეგ სახლში არსებული ჩალიჩების/რბილი იატაკის რაოდენობა. რაც მეტია ფართობი, მით უფრო ძლიერი ელემენტი გჭირდებათ, ხოლო რაც უფრო მეტი ხალიჩა გაქვთ, მით უფრო მძლავრი მოდელი გესაჭიროებათ. დაბოლოს, რაც მეტი მოთხოვნა გაქვთ, მით უფრო ძვირს იხდით. გახსოვდეთ, Dyson-ის მოდელებიც iPhone-ივით არის – მათი გაუმჯობესება მუდმივად ხდება და თქვენც უნდა აუწყოთ ფეხი ტექნოლოგიურ პროგრესს.
დასკვნა
Dyson-ის უსადენო მტვერსასრუტი ჩემთვის ნამდვილად შეუცვლელი დამხმარეა და ვთვლი, რომ მასში ჩადებული ინვესტიცია 100%-ით გამართლებულია. მისი გამოყენება იმდენად უპრობლემოდ და სწრაფად ხდება, რომ დალაგების პროცესი მსიამოვნებს (ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამას თუ ვიტყოდი!). თუმცა, როგორც ყველა პროდუქტის შეძენისას, ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინების შექმნა. ეს არ არის ნივთი, რომლის მეშვეობით თქვენს სამ-სართულიან აგარაკს ერთ ჯერზე დაასუფთავებთ, ამისთვის მძლავრი სტანდარტული მტვერსასრუტი გჭირდებათ. რაც შეეხება Dyson-ს, ის ყოველდღიურობას ნამდვილად გაგიმარტივებთ, თანაც საგრძნობლად. როგორც ცნობილი ჯეიმს დაისონი ამბობს, კომპანიის მისიაა იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომლებსაც სხვები უგულებელყოფენ. Dyson-ის მტვერსასრუტის მოხმარებისას მართლაც იმის შეგრძნება გეუფლება, რომ ვიღაცამ შენს პატარ-პატარა პრობლემებზე იფიქრა და საუკეთესო გამოსავალი შემოგთავაზა.