როდესაც საქმე სამზარეულოსთვის ტაფის შერჩევას ეხება, გვაინტერესებს რომელი ტაფაა შედარებით უსაფრთხო, გამძლე და ხარისხიანი. თანამედროვე ბაზარზე არსებობს ე.წ უსაფრთხო ტაფები, რომლებიც არ გამოყოფენ მავნე ტოქსინებს და მათი მოხმარება შედარებით უფრო მარტივი და პრაქტიკულია. უსაფრთხო ტაფები შეიძლება სხვადასხვა მასალისგან იყოს დამზადებული და ჰქონდეს განსხვავებული დიზაინი.
რა მასალისგან შექმნილი ტაფები ითვლება უსაფრთხოდ?
მაგალითისთვის ავიღოთ თუჯის ტაფები, რომლებიც უკვე წლებია, ფართოდ არის გავრცელებული. თუჯის ტაფები არ გამოყოფენ ტოქსინებს მაღალ ტემპერატურაზეც კი და სწორედ ეს ფაქტორი აქცევს მათ უსაფრთხოდ ჯანმრთელობისთვის. თუმცა, თუჯი საკმაოდ რთული გამოსაყენებელია, რადგან ხშირად იკრავს საკვების ნარჩენებს.
მაგრამ ამ პრობლემის მოგვარების გზა საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. თუჯის ტაფა ჯერ კარგად უნდა გააცხელოთ, შემდეგ საჭირო რაოდენობის ზეთი დაასხათ და შედგათ ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე. ზეთი არბილებს საკვებ ნივთიერებებს და ტაფის გაწმენდა ბევრად უფრო მარტივი ხდება.
კერამიკული საფარის მქონე ტაფები ასევე არ გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს. გარდა ამისა, მათ აქვთ შესანიშნავი თვისებები, მარტივად იწმინდებიან და არ იტოვებენ ნარჩენებს ზედაპირზე.
ტაფის კიდევ ერთი უსაფრთხო სახეობა უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი ტაფაა, რომელიც არ შეიცავს ქიმიკატებს და გაცხელებისას არ გამოყოფს მომწამვლელ ტოქსინებს. ფოლადი საკვებს არ იკრავს ისე სწრაფად, როგორც თუჯი, თუმცა მისი გაწმენდა არც ისე მარტივია, როგორც კერამიკულის.
ტეფლონის ტაფები დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. იმისთვის, რომ ტეფლონის ტაფა უსაფრთხო იყოს, აუცილებელია, რომ ის ზედმეტად არ გაახუროთ. როდესაც მშრალ ტაფას ქურაზე უყურადღებოდ ტოვებთ, ის იწყებს გადახურებას. ტეფლონის ტაფის გამოყენების დროს აუცილებელია, რომ ჯერ ყველა ინგრედიენტი წინასწარ მოამზადოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ტაფის გაცხელება.
თუმცა, რიგ შემთხვევებში, “უსაფრთხო ტაფებიც” შეიძლება საშიში იყოს და ეს ხდება მაშინ, როდესაც ტაფას ბზარები და ნაკაწრები უჩნდება, რადგან ამ ადგილას გროვდება საკვების ნარჩენები და ისინი მავნე ტოქსინებად იშლება, რომლებიც შემდეგ ჰაერში გროვდება.
როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ტაფა?
ტაფის შერჩევის დროს დარწმუნდით, რომ მასალა არ შეიცავს PFOA მჟავას, რომელიც ადამიანების და ცხოველების იმუნურ სისტემაზე ძალიან ცუდად აისახება. ამ სახის მჟავას ტაფების ძველ მოდელებში ვხვდებით, რადგან, თანამედროვე ბრენდებმა უკვე ჩაანაცვლეს ის PTFE მჟავით, რომელიც მდგრადია ტემპერატურის მიმართ და არის სრულიად უსაფრთხო.
ტაფის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის შემადგენლობას და მწარმოებელს. უმჯობესია, აირჩიოთ ისეთი ბრენდების პროდუქტები, რომლებიც თავიანთი პროდუქტის ხარისხით არიან ცნობილი.
როგორ უნდა მოვუაროთ უსაფრთხო ტაფას?
პირველ რიგში, ეცადეთ, რომ ტაფა არ გადახურდეს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ტაფისთვის არც ტემპერატურის ცვლილებებია კარგი. არ მოათავსოთ ცხელი ტაფა სამზარეულოს ნიჟარაში, ცივი, გამდინარე წყლის ქვეშ, თერმული შოკი უარყოფითად მოქმედებს ტაფის საფარზე.
მოერიდეთ ლითონის კოვზებისა და ჩანგლების გამოყენებას. იმისთვის, რომ ტაფას ნაკაწრები არ გაუჩნდეს, გირჩევთ ხის ან სილიკონის სამზარეულოს აქსესუარების გამოყენებას.
ამას გარდა, ზოგიერთი ბრენდი თავის მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მათი ტაფები არ უნდა გაირეცხოს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ამიტომ ტაფის შეძენამდე საჭიროა ინსტრუქციის დეტალურად გაცნობა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეძლებთ სახლისთვის ისეთი ტაფების შეძენას, რომლებიც არა მხოლოდ უსაფრთხოა თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისათვის, არამედ საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელი გამოსაყენებელიცაა.