in

ვარდისფერი სამზარეულო და საინტერესო დიზაინ ელემენტები – თეო ლორთქიფანიძის ინტერიერი ძველ თბილისში

დღევანდელ სტატიაში თეო ლორთქიფანიძის სახლს გაგაცნობთ, რომლის ფართობი 87 მ2-ია. იგი ძველ თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

ჩვენი რესპონდენტი – პროფესიით იურისტი, ამავდროულად კი, ჯგუფი „რეცეპტორისა“ და „Receptor Food Festival“-ის თანადამფუძნებელია. როგორც თავად ამბობს, ინტერიერის დიზაინთან აქამდე შეხება არ ჰქონია, სრულიად გამოუცდელი ადამიანისთვის კი ეს სფერო საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

თეო ბინაში წელიწად-ნახევრის წინ გადმოვიდა. თავდაპირველად მისი პროექტით, დიდი აივნითა და ხედით მოიხიბლა, შემდეგ კი ადგილიც განსაკუთრებულად შეუყვარდა: ულამაზესი ძველი შენობები გულგრილს არავის ტოვებს. მათი წყალობით, აქ ფეხით გასეირნება ერთი სიამოვნებაა.

ჩვენმა რესპონდენტმა ინტერიერზე მუშაობა ე.წ. “მწვანე კარკასის” ეტაპიდან დაიწყო. როგორც გვიყვება, რემონტის დროს განსაკუთრებული სირთულეები არ წარმოქმნილა, მცირე პრობლემების გადაჭრაში კი პროფესიონალთა გუნდი დაეხმარა.

თეო გვიამბობს, რომ პროფესიონალ დიზაინერთან არ უთანამშრომლია და სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი თავად შექმნა: „სამზარეულოს ნახაზი არქიტექტორულმა კომპანია „Teamtwo“-მ შეასრულა. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ – ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა. რაც შეეხება სხვა ოთახებს, მათი ნახაზები არ გვქონია, მხოლოდ წარმოსახვით ვხელმძღვანელობდით“.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ინტერიერის კონცეფცია სამზარეულოს მიხედვით შეიქმნა, რომელიც ბინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ზონაა. მიმზიდველი ვარდისფერი სამზარეულო სახლის ესთეტიკასა და ხასიათს განსაზღვრავს.

„საწყის ეტაპზე დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვარდისფერი სამზარეულო მინდოდა. ზოგადად, ექსტერიერსა და ინტერიერშიც თანაბრად მომწონს ეს ფერი. ვფიქრობ, სწორედ ვარდისფერმა სამზარეულომ განსაზღვრა დიზაინის კონცეფცია. მისი დასრულების შემდეგ უკვე ვხვდებოდი, რომ დანარჩენი ავეჯი ხისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული და შიგადაშიგ ლითონიც შემერია, რამაც საინტერესო სურათი მოგვცა“, – აღნიშნავს თეო.

კედლების თეთრი ფერი დანარჩენ ზონებშიც ფერადი ავეჯითა და ხის ელემენტებითაა გამრავალფეროვნებული. სახასიათო იერსახეს ქმნის ჭილოფის ელემენტები, რომლებსაც სივრცეში ეგზოტიკური განწყობა შეაქვს, უხვი გამწვანება კი ბუნებასთან სიახლოვის განცდას ამძაფრებს.

ორიგინალურობით გამოირჩევა სააბაზანოც, რომელსაც ცისფერი ფილები საოცარ მიმზიდველობას სძენს. ბინისთვის დამახასიათებელი განწყობა მცენარეების მეშვეობით ამ ოთახშიც იგრძნობა.

საკმაოდ დიდ მოსასვენებელ სივრცეს ქმნის აივანი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. ეს ბინის კიდევ ერთი უპირატესობაა.

თეოსთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ნივთები, რომლებიც ბებიისგან ერგო. მათი უმეტესობა დაახლოებით 50-60 წლის წინ სხვადასხვა ქვეყანაშია შეძენილი, რის გამოც თითოეულს თავისი უნიკალური ისტორია აქვს. როგორც თვითონ ამბობს, ყოველდღიურად მათი დანახვა აბედნიერებს.

ინტერიერი საკმაოდ ნათელი, დახვეწილი, ფერადი და ჰარმონიული გამოვიდა. მასში მყუდროება, სახასიათო განწყობა და სასიამოვნო გარემო სუფევს. ბუნებრივი ხის დეტალები, ჭილოფისა და მეტალის ავეჯი, ვარდისფერი სამზარეულო ერთობლივად ინდივიდუალურ, მიმზიდველ სტილს ქმნის.

„სახლი ის ადგილია, სადაც ყოველთვის უნდა გიხაროდეს მისვლა. ჩვენი ბინა ძალიან ნათელია. ინტენსიური ბუნებრივი განათება მთელი დღის განმავლობაში იგრძნობა და ფერად ნივთებსა თუ სარკეებზე დაცემისას საინტერესო სურათს ქმნის. ამის ყურება ძალიან მსიამოვნებს. ბინის კონცეფცია თეთრი კედლებისა და ფერადი აქცენტების კომბინაციას ეფუძნება. ვფიქრობ, ხის, ჭილოფისა და მეტალის ავეჯის, ასევე, ბუნებრივი გამწვანების სინთეზმა ჰარმონიული სივრცე მოგვცა, რაც ძალიან მახარებს“, – აღნიშნავს თეო ლორთქიფანიძე.

დეკორაციები: „MYSA

შემრევები: „Grohe“

მცენარეები: „Grato Greenhouse“ 

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

როგორ შევარჩიოთ შესაფერისი ადგილი კარკასული აუზისთვის?

სერვისული მომსახურების უპირატესობები – რას გვთავაზობს გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდების – Miele, Liebherr ოფიციალური იმპორტიორი შპს „Zigie“