in

5 მეთოდი „ვაუ“ ეფექტის შესაქმნელად შპალერის საშუალებით

დღეს ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ შპალერი, როგორც მოსაპირკეთებელი მასალა, მოძველებულია. ასე მხოლოდ ის ფიქრობს, ვისაც შპალერის ბრენდების ახალი კოლექციები არ უნახავს. დღეს კი შემოგთავაზებთ 5 მეთოდს, რომელიც შპალერის საშუალებით ინტერიერში „ვაუ“ ეფექტის მიღწევაში დაგეხმარებათ.

„გახსენით“ კედელი

სივრცის ვიზუალურად გასაზრდელად პანორამული შპალერი შესანიშნავი საშუალებაა. შპალერზე გამოსახული პეიზაჟები და არქიტექტურული პანორამები საშუალებას გაძლევთ, „გახსნათ“ კედელი და შექმნათ დამატებითი პერსპექტივა.

ეს მარტივი ოპტიკური ილუზია ვიზუალურად ხსნის სივრცეს და მოქმედებს როგორც სტრესის საწინააღმდეგო საშუალება.

„ითამაშეთ“ მასშტაბით

თუ ჩვენი ოთახი პატარაა, მაშინ, როგორც წესი, მის „შეკუმშვას“ ვიწყებთ — ვირჩევთ უკიდურესად კომპაქტურ ავეჯს და შპალერს პატარა გამოსახულებით. სინამდვილეში, პატარა ოთახში დიდი ობიექტის განთავსება გვაიძულებს, დავივიწყოთ ოთახის ნამდვილი ზომა. ამ როლის შესრულება დიდი ზომის დივანს ან კედელზე ჩამოკიდებულ დიდ სურათს შეუძლია, მაგრამ შპალერი დიდი გამოსახულებით ყველაზე ეფექტური ვარიანტი იქნება.

მოატყუეთ რეალობა

გონების მოტყუების კიდევ ერთი გზა ჰიპერრეალისტური შპალერია.

ასეთ ოთახში შესვლისას, მაშინვე ვერ ხვდები, სად არის სამგანზომილებიანი ობიექტი და სად — ნახატი.

ჰიპერრეალისტური შპალერი წამიერად გაჯერებთ, რომ სასადილო ოთახის მიღმა ზღაპრული სასახლის დერეფანია ან თქვენს მისაღებში გეპარდი ზის. რაც სტუმრებს ნამდვილად გააოცებს.

გამოიყენეთ ჭერი

შპალერი ჭერზე არის ექსპრესიული დიზაინის ტექნიკა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ თქვენი ოთახი განსაკუთრებული გახადოთ. ჭერზე გაკრული შპალერი შეიძლება კედლებისგან განსხვავებული იყოს ან მათ ერწყმოდეს. თუ კედლებისა და ჭერისთვის ერთსა და იმავე შპალერს გამოიყენებთ, საინტერესო, ყუთის მსგავს ოთახის ეფექტს მიიღებთ.

დაამატეთ დინამიკა

ინტერიერში მოცულობისა და დინამიკის დამატების შესანიშნავი გზა აქტიური რეტრო გეომეტრიული ნიმუშის მქონე შპალერის გამოყენებაა.

ასეთი შპალერი, დიდი ხნის დაკვირვების შემთხვევაში, ფსიქოდელიურ ეფექტს იწვევს. ისინი ძალიან პოპულარული იყო 60-იანი წლების ექსპერიმენტულ ეპოქაში, როდესაც დიზაინერები და მხატვრები რეალობის ახალი ხედვით იყვნენ მოხიბლული.

ასეთი შპალერის საშუალებით ინტერიერი მაშინვე გაჯერებული ხდება და ოთახი ფაქტობრივად „ვიბრირებს“, ამიტომ რეკომენდებულია, მხოლოდ ერთი კედლით შემოიფარგლოთ.

Braunas Residence — საოჯახო საზაფხულო სახლი ბრაზილიაში

რომელ უჯრაში ჩავყარო სარეცხი ფხვნილი? – სარეცხი მანქანის დანაყოფების დეტალური განხილვა