in

“Veranda House” – ქართული არქიტექტურით შთაგონებული ხის ასაწყობი სახლები ლატვიელი დიზაინერისგან

Alliance Group
Alliance Group

გუნთის ზინგისი ლატვიელი არქიტექტორია, რომელმაც საქართველოში მოგზაურობის შემდეგ შექმნა ხის ასაწყობი სახლის დიზაინი ქართული ხასიათითა და სტილით. ეს არის ქართული ოდა სახლისა და თბილისური ვერანდის ერთგვარი სინთეზი, რომელიც პროექტის ავტორის თქმით, ბუნებასთან ინტეგრირებისა და ჰარმონიული ცხოვრების საშუალებას იძლევა. ჟურნალი Homeis.ge გუნთის ზინგისს დღეს სწორედ ამ საინტერესო პროექტის შესახებ გაესაუბრა:

გვიამბეთ თქვენ შესახებ…

მე ქალაქ ლიეპახადან ვარ. ის ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ლატვიაში მდებარეობს და ხშირად ასოცირდება “ადგილთან, სადაც ქარი იშვა”, თეთრ ქვიშასა და როკ მუსიკასთან. არქიტექტურა შევისწავლე რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ სწავლა განვაგრძე პროდუქტის დიზაინის განხრით ლატვიის ხელოვნების აკადემიაში. სწავლების დასრულების შემდგომ სამუშაო გამოცდილება მივიღე ისეთ ცნობილ არქიტექტურულ ოფისებში, როგორიც არის MVRDV ნიდერლანდებში და MAD ჩინეთში. 2015 წელს კი დავაარსე საკუთარი არქიტექტურული სტუდია – GOODPATTERN, სადაც ვაგრძელებ აქამდე მიღებული გამოცდილების გამოყენებას და ასევე ვავითარებ ჩემეულ ხედვებსა და მიმართულებებს. ორი წლის წინ ჩვენი Hagberg ოფისის პროექტი ლატვიის არქიტექტურული ჯილდოს კონკურსის ფინალში მოხვდა საუკეთესო ოფისის ექსტერიერისა და ინტერიერის კატეგორიაში.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი უახლესი ნამუშევრის შთაგონება ქართული არქიტექტურიდან მიიღეთ. გვიამბეთ თქვენს პირველ ვიზიტზე საქართველოში. რამ მოგხიბლათ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად? რა აღმოჩენები გააკეთეთ აქ?

ჩემი პირველი მოგზაურობა საქართველოში 2019 წლის ზაფხულში შედგა. მაშინ მე დავუკავშირდი ლევან გიორგაძეს Tbilisi Free Walking Tours-დან, რომელსაც ვთხოვე პირადი ტურის ორგანიზება, რაც მომცემდა საშუალებას, მენახა საბჭოთა დროის ნაგებობები და მიტოვებული შენობები. მიმაჩნია, რომ თუ ნამდვილი საქართველოს გაცნობა გინდა, აუცილებლად უნდა შეაბიჯო დახურულ შიდა ეზოებში ხვეული კიბეებით, სადაც ნამდვილ მარგალიტებს აღმოაჩენ. ამ მხრივ კი ლევანი ნამდვილად ის ადამიანია, ვისაც ყველა გასაღები აქვს ამ ადგილებში შესაღწევად! სწორედ ამიტომ, დღეს უკვე ტურები საბჭოთა არქიტექტურასა და დამალული თბილისის შესახებ ყველა ტურისტისთვის არის ხელმისაწვდომი.

თბილისმა მომაჯადოვა საკუთარი ღიაობით, შარმითა და ხალხით. ჩემთვის ეს ქალაქი წააგავს ბერლინს კავკასიაში, სადაც ტრადიციული ფასეულობები ევროპულ კურსთან და კრეატიულობასთან თანაარსებობს. აქ ყველას შეუძლია იპოვოს რაღაც, რაც მისთვის იქნება საინტერესო – ხინკალი, მოდა, ღვინო, ელექტრონული მუსიკა და ჰიბრიდული ავტომობილებიც კი.

ამ ვიზიტის შემდეგ მე საქართველო კიდევ ორჯერ მოვინახულე და ამჯერად თხილამურებით სრიალიც გამოვცადე გუდაურში. გასულ ზაფხულს, პანდემიის პერიოდში, მე ორ კვირიანი ვიზიტით ჩამოვედი საქართველოში და ვიპოვე სასტუმრო “აღმოუჩენელი კარი”, რომლის მესვეურებმაც, ლევანთან ერთად, ძალიან საინტერესო მარშრუტი შემიდგინეს და ისეთი ადგილები დამათვალიერებინეს, როგორიც არის სასტუმრო კასტელო მარე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, წყალტუბოს სანატორიუმი, მარტვილის კანიონი, მესტია და ოდა სახლები სამეგრელოში.

ვისაუბროთ პროექტ “ვერანდაზე”. როგორ შექმენით ის და რა კონცეფცია დგას მის უკან?

მას შემდეგ, რაც მე მოვინახულე თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი და დაახლოებით ერთი კვირა ვიცხოვრე სასტუმროში აღმოუჩენელი კარი, სადაც შენობის ერთ-ერთ სახასიათო ნაწილს დიდი ხის ვერანდა წარმოადგენს, გავაცნობიერე, რომ ოდასა და ძველ თბილისურ სახლს ერთი მარტივი და ფუნქციური დეტალი აერთიანებთ, რომელიც უნიკალურია ამ რეგიონში. ეს არის ვრცელი ვერანდები და ტერასები, რომლებიც შიდა საცხოვრებელი სივრცის ერთგვარ გაგრძელებად გვევლინება.

და აქ გამიჩნდა კითხვა, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ისეთი ნაგებობის შექმნა, რომელიც ადამიანს აგრძნობინებდა თავს სრულად ბუნების წიაღში და ამავდროულად სახლის განუყოფელ ნაწილად? ასევე შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, რომ ის ყოფილიყო კომპაქტური და ფუნქციური? სწორედ ასე გაჩნდა პროექტი “ვერანდა“.

გვიამბეთ “ვერანდას” ტექნიკურ მახასიათებლებზე.

ეს არის ხის ჩარჩო-პანელის სახლები, რომლებიც იწარმოება ტრანსპორტირებად ზომებში მოდულების სახით საკუთარი ფასადის მოპირკეთებით, ფანჯრებითა და სახურავით. ამ ტიპის სახლის განთავსება ხდება ბეტონის ბლოკის საძირკველზე, ხოლო რაც შეეხება ინტერიერს, სამუშაოს ეს ნაწილი უკვე მომხმარებლის შეხედულებისამებრ, მის მიერ დაქირავებული მშენებლის მიერ სრულდება.

სახლი “ვერანდას” 3 სხვადასხვა პროექტი არსებობს, თითოეული მათგანი განსხვავებული ზომის არის და საკუთარი საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ. ესენია V102, V115 და V160 მოდელები.

რას გვეტყვით “ვერანდას” ენერგო ეფექტურობის შესახებ?

შენობას გააჩნია ფანჯრები სამმაგი მინა-პაკეტით. ასევე კედლებსა და სახურავზე გამოყენებულია თერმული და ქარის საწინააღმდეგო იზოლაცია, რაც თითქმის ნულოვანი ენერგო მოხმარების მიღწევის საშუალებას იძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყლის ან ჰაერის სითბური ტუმბოს, რეკუპერატორისა და ბუხრის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ყოველთვიური კომუნალური ხარჯების საგრძნობლად შემცირება. რაც შეეხება ხის ჩარჩო კონსტრუქციას, ამ შემთხვევაში გამოყენებულია ხის კოჭის სტანდარტული სიგრძე, რაც თავიდან გვარიდებს არასასურველ დანაკარგს.

როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს პროექტ “ვერანდას” უნიკალურობა?

წლების მანძილზე ზაჰა ჰადიდის სტილის არქიტექტურაზე მუშაობისა და ასობით საცხოვრებელი სივრცის დაგეგმარების პროცესში, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: შესაძლებელია, რომ სიმარტივე იყოს პრაქტიკული და ამასთანავე ლამაზი? სწორედ იმის შეგრძნება, რომ ადამიანი არის ბუნების ნაწილი და ასევე ის, რომ კარგი ცხოვრება არ გულისხმობს აუცილებლად დიდ სახლს, გამოარჩევს ამ პროექტს კლასიკური ხის სახლებისგან.

და ბოლოს, რა ჯდება სახლი “ვერანდას” შეძენა?

შენობის ღირებულება დამოკიდებულია მის აღჭურვილობასა და ტრანსპორტირებაზე. კვადრატული მეტრის საფასური 800 ევროდან იწყება.

პროექტის ავტორი: Guntis Zingis

არქიტექტურული სტუდია: GOODPATTERN

როგორ შევარჩიოთ სამშენებლო კომპანია სწორად?

რატომ ხდება 1970-იანების ინტერიერის დიზაინი კვლავ ტრენდული?