ესპანურ სოფლის სახლებს ბევრი რამ აქვთ საერთო იტალიურთან – მსგავსება ჩანს როგორც არქიტექტურაში, ასევე ინტერიერის დიზაინში. ცენტრალურ ესპანეთში კი არის რეგიონი, რომელსაც “ესპანურ ტოსკანა” უწოდებენ. სწორედ აქ მდებარეობს ეს წარმოუდგენლად მყუდრო ვილა ლურჯი ჟალუზებით, თაღოვანი ჭერით და მშვიდი ინტერიერით.
სახლი მთლიანად კრემისფერ ფერებშია გადაწყვეტილი და ბუნებრივი ეფექტის შესაქმნელად ხის მასალის მრავალფეროვნებასა და მწვანე მცენარეებს ვხვდებით. ეზოში გასასვლელი დიდი კარისა და ასევე დიდი ფანჯრების ხარჯზე, მისაღების სივრცე ვრცელი დ ნათელია. გამორჩეულ ხიბლს ქმნის ძველებური ბუხარი და ქვის იატაკიც. კონტრასტის შესაქმნელად მეპატრონემ ფერადი ქსოვილები და კედლის დეკორაციები გამოყენა, რაც ოთახს კიდევ უფრო საინტერესოსა და დახვეწილს აჩენს.
მისაღების გვერდით სასადილო სივრცეა მოწყობილი, რომელიც ელეგანტური ჭურჭლითა და ავეჯით არის გაწყობილი. გამორჩეულ განწყობას ქმნის ჭაღი, რომლის ფერები შესანიშნავად ერგება სახლის საერთო ესთეტიკას. მკვეთრი ყვითელი ფერის ყვავილებს ინტერიერში კონტრასტი და განსხვავებული ხასიათი შემოაქვს.
სამზარეულო საკმაოდ მცირე ნაწილშია მოწყობილი და ხის მასალის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ ბუნებრივი ხასიათის გასაღვიძებლად სხვადასხვა ჯიშის ფერადი ყვავილებია დამატებული. სამზარეულოს ავეჯსა და იატაკს სადა ფერებში გაფორმებული ხალიჩა ამშვენებს.
მთავარი საძინებელი ორ ნაწილადაა გაყოფილი და საკმარის ადგილს ქმნის ორი ადამიანისთვის, საწოლებს შორის სივრცე კი კარადითაა გამოყოფილი, რაც ოთახს ფუნქციურსა და კომფორტულს ხდის. სახლის სხვა ნაწილების მსგავსად, ეს სივრცეც თეთრ და კრემისფერ ფერებშია გადაწყვეტილი და იატაკის სახით ხის მასალა გვხვდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოთახს აქვს საკმაოდ დიდი ზომის ფანჯარა, საიდანაც ის ბუნებრივი სინათლით და ჯანსაღი ჰაერით ივსება.
მეორე საძინებელი მწვანე ტონებშია გადაწყვეტილი, თუმცა საერთო იერსახე აქაც სხვა ოთახების მსგავსია. ამ შემთხვევაში ქსოვილებისა და დეკორაციების სახით, მშვიდი კონტრასტული ფერებია გამოყენებული, რომლებიც ოთახს სიმშვიდისა და სიმყუდროვის ხასიათს ანიჭებს.
სააბაზანო თანამედროვე სტილშია მოწყობილი. სივრცის სიმცირის მიუხედავად, ის მაქსიმალურადაა ათვისებული და ქმნის საკმაოდ ფუნქციურ ინტერიერს.