აჰმედაბადში დაფუძნებულმა მრავალპროფილიანმა არქიტექტურულმა ფირმამ tHE gRID Architects, რომელსაც ხელმძღვანელობენ სნეჰალ სუტარი და ბადრი სუტარი, ახლახანს დაასრულა “Rock House”, უნიკალური პროექტი, რომელიც სრულიად ადგილობრივი მასალებისგან აშენდა აჰმედაბადთან ახლოს, ინდოეთში.
ესაა პატარა, უქმეების გასატარებელი სახლი, რომელიც თავისი ინტერიერითა და ექსტერიერით ბუნებასთან სრულ ჰარმონიაშია. ის ეკუთვნის წყვილს, რომელსაც სურდა ისეთი სივრცის შექმნა, რაც პრივატულ და გამჭვირვალე ადგილის კომბინირებას მოახდენდა. ასევე, ეს იქნებოდა სივრცე, რომელიც რუტინული რეჟიმისგან სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას შესთავაზებდა წყვილს. შენობა შეიცავს წყლის ობიექტებს და გარშემორტყმულია მწერების საწინააღმდეგო მცენარეების ადგილობრივი სახეობებით – ამგვარად ვითარდება საკუთარი მიკრო ეკოსისტემა.
ტერიტორია გარშემორტყმულია დიდი ადგილობრივი ხეებით. ისინი უზრუნველყოფენ თავშესაფარს სხვადასხვა ფრინველისთვის და ქმნიან მცირე ფაუნას, რაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას.
რაც შეეხება შენობას, ეს არის მოკრძალებული, ერთსართულიანი H- ფორმის ბლოკი. შენობისთვის გამოყენებულია ადგილობრივი დჰრანგაჰდრას ქვა, როგორც საძირკვლის, ასევე კონსტრუქციისათვის – ამგვარად წარმოიშვა მისი სახელი, “როკ ჰაუსი”. იატაკიდან ჭერამდე მოჭიქული კედლები აძლიერებს სახლის კავშირს ბუნებასთან. ოთახებს გარედან არ აქვს სვეტები, რათა შენობაში მყოფს ხედის აღქმაში ხელი არ შეეშალოს. ქვისა და შუშის ფასადი სახლს ბუნებრივად აკავშირებს გარეთ არსებულ სიმწვანესთან.
შენობის განლაგება მოიცავს ორ საფეხურებრივ სივრცეს, რომლებიც დაკავშირებულია პატარა გადასასვლელით. თანმიმდევრულად, ერთი სივრცე ითავსებს შესასვლელს, სარეცხ ოთახსა და საძინებელს; მეორე – მისაღებს, სასადილოსა და სამზარეულოს. ეს განლაგება საშუალებას აძლევს ძირითად სივრცეებს, დარჩეს ღია სულ მცირე ორ მხარეს.
რაც შეეხება ინტერიერს, ის საკმაოდ ფერადი და მხიარულია – ქვის ნაგებობას სრულყოფილად ერწყმის ხის ავეჯი, რაც გარე სივრცესთან ჰარმონიაში მოდის. ხის ავეჯთან ერთად, ინტერიერს ამშვენებს ფერადი ქსოვილები და დეკორი – სწორედ ისეთი, როგორიც ინდოეთისთვისაა დამახასიათებელი.
არქიტექტურული სტუდია: tHE gRID Architects
ფოტოგრაფი: Photographix India, Inclined Studio (Video credits)