სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიყვებით, ამერიკელ წყვილს ეკუთვნის და 800 კვადრატული მეტრ ტერიტორიაზეა გაშენებული კანადის, კერძოდ კი ქალაქ ტორონტოს ტერიტორიაზე.
ინტერიერზე ცნობილმა დიზაინერმა, კელი უერსტლერმა იმუშავა, რომელიც თავდაპირველად უარზე იყო, თუმცა წყვილის დაჟინებული თხოვნისა და პროექტის ნახვის შემდეგ, თანხმობა განაცხადა. კელის შემოქმედება მდიდრული საცხოვრებლებით, სასტუმროებით, ვინტაჟური ნივთებითა და კლასიკური სტილითაა ცნობილი, რაც საბოლოოდ, ამ კონკრეტული პროექტის ინტერიერშიც აისახა. დიზაინერი სახლის ძველებურმა ხასიათმა და სივრცემ აღაფრთოვანა, რომლის გადაკეთებაზე ფიქრსაც მისი პირველად ნახვისთანავე შეუდგა.
დასრულებული სახის მისაღებად დიზაინერს ოთხი წელი დასჭირდა და პირვანდელი სახე, რომელსაც ფერმის სახლის ელფერები ჰქონდა, შედარებით თანამედროვე საცხოვრებლად გადააკეთა. პროექტში მთავარ როლს დიდი ეზო და მცენარეები თამაშობდა, განსაკუთრებით კი დიდი ზომის ხეები და ყვავილები, რომლებიც აქ სიმშვიდის ეფექტებს ჰქმნიდა, სწორედ ამიტომ მან ინტერიერიც გარე სივრცეს მოარგო და მყუდრო, ელეგანტური საცხოვრებელი შექმნა.
„სახლს ძველი სული ჰქონდა და ჩვენ ის თავიდან გავაცოცხლეთ“,- აღნიშნა კელიმ.
უერსტლერი ავეჯსა და დეკორაციებს ვინტაჟურ მაღაზიებში და ავეჯის სახლებში ეძებდა. მისაღებ ნაწილში სწორედ ამ ადგილებში შეძენილ Aschberg Magnuson-ის მაგიდასა და Gianni Celada-ს მდიდრულ ჭაღს ვხვდებით.
დერეფანში სივრცეები მაქსიმალურადაა ათვისებული და მდიდარია ქოთნის მცენარეებითა და სხვადასხვა დეკორაციებით.
სასადილო მაგიდის დიზაინი Gal Gaon-ს დიზაინ სტუდიას ეკუთვნის, სკამები Belgo Chrom/Dewulf-ის კოლექციიდანაა, ხოლო ქოთნები 1955 წელსაა შექმნილი და თითოეული მათგანი ანტიკვარული ნივთია.
საძინებელში ვხვდებით შპალერს, რომლის დიზაინიც Élitis-ის ცნობილ ბრენდს ეკუთვნის, ელეგანტურ სანათს Steven Bukowski-ს დიზაინით და Christopher Farr-ის ხალიჩას.
სამზარეულოს კუნძული შექმნილია ყავისფერი ანტიკური გრანიტით, სკამები Ralph Pucci-ს ავეჯის სახლს ეკუთვნის.
სახლს აქვს ბიბლიოთეკაც, რომლის კედლებზეც ჩაშენებული თაროებია განთავსებული. იატაკის საფარის სახით ძვირადღირებული პარკეტია გამოყენებული.
აბაზანის სარკის დიზაინი Sabrina Landini-ს ეკუთვნის. იატაკი და კედლები ერთ ფერებშია და შესაბამისი ფერის ავეჯი ამშვენებს.
სახლს აქვს მეორე სააბაზანოც, რომელიც შედარებით მუქ ფერებშია გადაწყვეტილი.
სახლის მეპატრონეებს სურდათ, შეექმნათ ესთეტიკური და დახვეწილი გარემო, რომელიც ერთი მხრივ, მყუდრო და კომფორტული იქნებოდა მათთვის და მათი მცირეწლოვანი შვილისთვის და მეორე მხრივ, ახალგაზრდული წლების ნოსტალგიის მატარებელიც იქნებოდა, რაც, საბოლოო ჯამში, დაბალანსებული ფერთა პალიტრის, წინა საუკუნის ნივთებისა და დახვეწილი ავეჯის ხარჯზე მიიღეს.