ინგლისში, ლინკომბ ვეილში, თვალწარმტაცი ვიქტორიანული სახლი დგას. მთავარი შენობა XIX საუკუნის ბოლოს აშენდა, ხოლო ფარდული – ადრეულ 1880-იან წლებში.
სახლი აგებულია წვრილად თლილი თაფლისფერი კირქვისგან ნეო-პალადურ სტილში. ამასთან ერთად, ერკერის (კედლიდან გამოწეული ნახევრად მრგვალი ან მრავალწახნაგოვანი შემინული ნაწილი) გამოყენებამ სახლს განსაკუთრებული იერსახე შესძინა.
ინტერიერი ისეთივე ლამაზია, როგორც ისტორიული არქიტექტურა. სახლი აღდგენილია და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისტორიული არქიტექტურის გათვალისწინებით გარემონტდა. თუმცა, მფლობელებმა საცხოვრებელს თანამედროვე გაფართოებაც დაამატეს, ასე რომ სახლი მთლიანობაში საუკეთესო ისტორიულ და თანამედროვე დიზაინს აერთიანებს.
პირველ სართულზე ღია დაგეგმარების სამზარეულო და სასადილო ოთახია განლაგებული. ულამაზესი სამზარეულოს კუნძული, რომელსაც სპილენძის ზედაპირი ამშვენებს, ანტიკვარული სამეცნიერო ლაბორატორიის დაზგის საშუალებით არის დამზადებული. სამზარეულოს ინტერიერს ალამაზებს Falcon-ის ფირმის ღუმელიც, რომლის გამორჩეული დიზაინი მნახველის ყურადღებას მაშინვე იპყრობს.
სამზარეულოს გვერდით არის მუქ ნაცრისფერ ტონში გაფორმებული საკუჭნაო ღია თაროებით და Carrara-ს მარმარილოს ზედაპირებით.
სახლის წინა ნაწილში სასადილო ოთახი მდებარეობს. ამ სივრცეში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ერკერი ქმნის. სასადილო ოთახის გვერდით, განთავსებულია ბიბლიოთეკა/სახლის ოფისი ორიგინალური ბუხრით.
შენობას უკანა მხარეს დაემატა თანამედროვე ორსართულიანი გაფართოება. იატაკიდან ჭერამდე აღმართული ფანჯრები და ფრანგული კარები მწვანე ბაღის შესანიშნავ ხედს გვთავაზობს.
კლასიკური მთავარი საძინებლის კედლები მოწითალო ვარდისფერ ტონშია შეღებილი. ერკერის წინ კი სპილენძის აბაზანა დგას.
ახალი შენობის ნაწილში კიდევ ერთი საძინებელია მხატვრის – კაფე ფასეტის ნახატებით. ცალკე მდგომი ფარდული იმავე კირქვისგან არის აშენებული, როგორც მთავარი სახლი. იგი ღია მქრქალი ლაქით შეღებილი შრეებიანი ფიცრით არის მოპირკეთებული.