ვლადიმერ აბრამიშვილი Dmark-ის თანადამფუძნებელია. მისი ისტორია 2007 წლიდან იწყება, როდესაც სამი თანაკურსელი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და შექმნა ახალი არქიტექტორული კომპანია, რომელიც თავისი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს ბაზარზე. როგორც თავად გვიამბობს, არქიტექტურა გზაა, რომელიც წარსულთან აკავშირებს, რადგან არქიტექტორთა გარემოცვაში გაიზარდა და ბავშვობიდანვე სიახლოვეს გრძნობს ამ სფეროსთან. ამასთანავე, ეს პროფესია მისი აწმყოსა და მომავლის განმსაზღვრელი, განუყოფელი ნაწილია, რომლის დახმარებითაც ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. დღეს ვლადიმერი საკუთარი კომპანიისა და ამ სფეროს სპეციფიკაზე გვესაუბრება.
რა მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებებმა განსაზღვრა თქვენი კარიერული გზა? საიდან დაიწყო ყველაფერი?
მამაჩემი არქიტექტორი იყო და მოსკოვში მოღვაწეობდა, ამიტომ ცხოვრება მეც იქ მომიწია. სკოლის დასრულების შემდეგ, მამამ მირჩია საქართველოში ჩამოვსულიყავი და თბილისში ჩამებარებინა, რატომ გადაწყვიტა ასე არ ვიცი, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ მისი, რადგან აქ ჩამოსვლამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩემი იდენტობა. 2003 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის შემდეგაც უნივერსიტეტში დავრჩი და ვასწავლიდი. მერე დროებით მოსკოვში წავედი სამუშაოდ, ვთანამშრომლობდი რამდენიმე კომპანიასთანაც. საბოლოოდ კი, 2007 წელს, გადავწყვიტე ჩემს სამ თანაკურსელ მეგობართან (რევაზ ქეშელაშვილი, დიმიტრი მოძმანიშვილი და ალექსანდრე კაციტაძე) ერთად დამეარსებინა კომპანია. მოგვიანებით ჩვენი უფროსი მეგობარი, დავით ბახტაძეც შემოგვიერთდა და თავისი გერმანული გამოცდილებაც გაგვიზიარა (იქ სწავლობდა და მუშაობდა). ახლა Dmark-ი ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია…
გაიხსენეთ თქვენი, როგორც კომპანიის გზა, როგორ მოხვედით იქამდე, სადაც ახლა ხართ? რა იყო მთავარი, გარდამტეხი პროექტი?
„გაქრისტიანების მუზეუმის“ პროექტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნახტომი ჩვენი კომპანიისთვის. ლაშა პაპაშვილი გახლდათ დამკვეთი, რომელმაც გამოაცხადა კონკურსი. მასში მონაწილეობას იღებდნენ უცხოური, ჰოლანდიური, იტალიური კომპანიები, შემთხვევით ჩვენც აღმოვჩნდით მათ შორის და გავიმარჯვეთ. სამწუხაროდ, ფინანსების გამო, ეს მუზეუმი დღემდე დაუმთავრებელია. მაგრამ ვთვლი, რომ სწორედ ამ პროექტმა დაგვანახა ჩვენი გუნდის შესაძლებლობები. ამაში ვგულისხმობ კონცეფციის გააზრებასა და ამ კონცეფციიდან მუშა ნახაზამდე მიყვანას. ყველა იდეა, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა, განვახორციელეთ. ნამუშევარი საინტერესოა იმით, რომ ის გამორჩეულ ადგილას მდებარეობს – ბოდბესა და სიღნაღს შორის ბორცვზე. ხედები ისეა ორიენტირებული, რომ ერთი ნაწილიდან ალაზნის ველს, მეორე ნაწილიდან ბოდბეს, მესამედან კი სიღნაღს გადაჰყურებს. ალაზნის ველზე გამავალი დარბაზი საგალობლებისთვის არის განკუთვნილი. წარმოიდგინეთ შუშა, 6 მეტრი სიმაღლისა და სიგრძის, სადაც გამოყოფილია დასაჯდომი სივრცეც. უყურებ ალაზნის ველს, გესმის საგალობლების ხმა და აცნობიერებ, თუ რა იყო იმდროინდელი ქართველისთვის ქრისტიანობა და რა იდეას ატარებდა ის. ჩვენ სწორედ ამის ასახვა ვცადეთ, რათა ეს ყველაფერი თანამედროვე ადამიანისთვის გასაგები და ხელშესახები გამხდარიყო.
პროექტი საკმაოდ რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. მაგალითად, ექსპოზიციის განაწილება. მასალაც კი არ გვქონდა… ასევე რთული იყო კერპების ნგრევის გადმოცემა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. მუზეუმში კიბეები არ გვხვდება, თუმცა ის ოთხ დონიანია, მაგრამ ისე გადიხარ ერთი დარბაზიდან მეორეში, ვერც გრძნობ სხვაობას. ერთი ამოსუნთქვით ნახულობს 21-ე საუკუნის ადამიანი ამ გზას, შემდეგ კი კაფეებში და დასასვენებელ სივრცეებში აღმოჩნდება. იმედია, ოდესმე დამთავრდება ეს პროექტი, ვინაიდან მასში ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩაიდო და ის ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
როგორია Dmark-ის მუშაობის ფილოსოფია?
ყველა პროექტს აქვს საკუთარი კონცეფცია. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ ჩვენი ხელწერა შევქმნათ, მაგრამ ის ჩამოყალიბების პროცესშია და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხუთნი ვართ და შიდა კონკურენციის ხარჯზე ვარჩევთ საუკეთესო ესკიზს. ახალ პროექტზე მუშაობისას, პირველ რიგში, კონცეფციის დამუშავება ხდება ყოველთვის ერთობლივად, გუნდური მუშაობის პრინციპით, შემდეგ კი ამ იდეის ვიზუალურად გამოხატვას ყველა ინდივიდუალურად ვცდილობთ, რადგან თითოეულს ჩვენი განსხვავებული ხედვა გვაქვს. საბოლოოდ, ამ ნამუშევრებს ერთმანეთს ვადარებთ, პატარა კონკურს ვატარებთ ერთმანეთში და საუკეთესო ნიმუშს ვარჩევთ. სწორედ ეს არის ჩვენი მუშაობის მთავარი ფილოსოფია. შესაძლოა, კომპანიას მკვეთრად განსაზღვრული ხელწერა არ აქვს ჯერ, მაგრამ ნახაზების კუთხით, მისი სიზუსტისა და დამუშავების თვალსაზრისით, ნებისმიერი გეტყვით, რომ ეს Dmark-ის გაკეთებულია.
ამასთანავე, კონცეფციის შემუშავებას ადგილის შესწავლით ვიწყებთ. ვსაზღვრავთ არქიტექტორულად რა არის პრიორიტეტული, ვეცნობით ისტორიულ კონტექსტს. დღევანდელ რეალობაში ხშირად უგულებელყოფილია ადგილის მნიშვნელობა და ისტორია, ჩვენ კი ვცდილობთ, ეს გავითვალისწინოთ. თუ ქალაქის ცენტრში ვმუშაობთ, ისტორიული კვლევები კეთდება. თუ ცენტრს მიღმა ხდება შენობის რეკონსტრუქცია და მინიმალისტურად მაინც ვთვლით, რომ რაიმე ღირებულება აქვს მას, აუცილებლად ხელოვნებათმცოდნეს ვრთავთ სამუშაო პროცესში და ყველა დეტალს ვიკვლევთ ამ დროს.
რა თქმა უნდა, პროექტზე მუშაობისას დამკვეთის სურვილსა და მოთხოვნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ჩვენც ვეხმარებით რჩევების კუთხით. მუშაობისას, შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს – ფილმი, წიგნი, მუსიკა, თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა რამით იღებს ინსპირაციას, შემდეგს კი ერთმანეთს ვუზიარებთ და ერთობლივად ვქმნით ახალ პროექტებს.
თქვენს რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
პირველი, როგორც უკვე ვახსენე, „გაქრისტიანების მუზეუმია“, ჩვენმა დამკვეთმა ლაშა პაპაშვილმა ნდობა გამოგვიცხადა, რაც დასაფასებელია და ჩვენც მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვემართლებინა მისი მოლოდინი.
მინდა გამოვარჩიო ასევე კოლაბორაციები, რომლებმაც დიდი გამოცდილება და ცოდნა მოგვცა.”East Point” ებრაულ ჯგუფთან, MYS Architects-თან ერთად გავაკეთეთ და ბევრი ისეთი ნიუანსი გავიგეთ, რასაც საქართველოში ნაკლებად ვიცნობდით. ამ გამოცდილებამ და ბევრი ისეთი დეტალის გაგებამ, რაც ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებადაა ცნობილი, საშუალება მოგვცა მარტივად აგვეღო ალღო სიახლეებისთვის.
გამოვყოფდი აგრეთვე ყვარლის ტბაზე არსებულ, ყვარლის სასტუმროს, რომელიც ერთ-ერთი კარგი მაგალითია არქიტექტურული თვალსაზრისით. ინტერიერზე ნინო ჩუბინიშვილმა (ჩუბიკამ) იმუშავა. ვეცადეთ, გეგმარებისას, ადგილობრივი მასალები გამოგვეყენებინა – ქვა, ხე, თიხა და მაქსიმალურად ავთენტური არქიტექტურა შეგვექმნა, მაგრამ არა ქართული ელემენტებით, სწორედ ეს სძენს პროექტს ხიბლს.
როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტორულ სივრცეს? რა გამოწვევების წინაშე დგას ის?
ეკლექტიკა საქართველოს არქიტექტურის დამახასიათებელი ნაწილია, რაც ნამდვილად არ არის ცუდი, თუმცა ყველაზე დიდი სირთულე და პრობლემური საკითხი საკანონმდებლო ბაზაა, თუ ის არ მოვაწესრიგეთ, სულ ასე იქნება და მას ქაოსური სახე ექნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვსაზღვროთ წესდება და შემდეგ თუ რაიმე ცვლილება მოხდება, ეს შეთანხმებულად უნდა გაკეთდეს. ვისთვისაც ცვლი კანონს, ჯერ მას უნდა ჰკითხო. ყველაზე რთული სწორედ ესაა, საკანონმდებლო სისტემის მოწესრიგება.
ასევე ერთ-ერთი პრობლემა იმ დეველოპერთა არსებობაა, რომლებისთვისაც მთავარია ააშენონ და გაყიდონ პროდუქტი. ჩემთვის ძალიან გასაკვირია, მაგრამ არსებობენ ამის მყიდველებიც. უცხოელს რომ შეუთანხმდე ფასზე და არ აჩვენო არანაირი სერტიფიკატი ან დოკუმენტაცია, თუ რა მასალით, როგორ აკეთებ ამ ყველაფერს, წარმოუდგენელია, აქ კი მომხმარებელს მსგავსი კითხვები არ უჩნდება, არ უყურებენ რას ყიდულობენ.
კანონმდებლობასთან ერთად, კონკურსების ჩატარების სპეციფიკაც დასამუშავებელია, ის დღეს იდეალურისგან ძალიან შორს დგას. ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ხოლმე ამაზე, სხვადასხვა კომპანიები ვიკრიბებით და ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის დახვეწა. მაგალითად, როდესაც დამკვეთები ითხოვენ მეორე ან მესამე ადგილზე გასული კონკურსანტის საავტორო უფლებების გადაცემას, ამაზე ჩვენ, არქიტექტორები, თანახმა არ ვართ. რატომ უნდა მოხდეს შენი ნააზრევის, ნამუშევრის სხვისთვის გადაცემა ჩემთვის ცოტა გაუგებარია.
მინდა თბილისის რეკონსტრუქციასაც შევეხო. საქართველო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გვეუბნება, რომ კონკრეტულ ადგილზე უნდა ჩავდგათ ნაგებობა, კეთდება კვლევა და უცებ ეს ყველაფერი დისნეილენდს ემსგავსება იმიტომ, რომ ძველი ელემენტებია გამოყენებული. მაგალითად, თბილისისათვის დამახასიათებელი აივნები, რომლებიც, რეალურად, ე.წ. იტალიურ ეზოებში შიგნით იყო განთავსებული, ჩვენ კი ავიღეთ და გარეთ გადმოვიტანეთ, მერე ეს რატომღაც გახდა ძეგლთა დაცვის ზოგიერთი მკვლევრისთვის თბილისის განუყოფელი ნაწილი და ითხოვენ ამ “ძველი ელემენტების” ჩართვას, „მიწებებას“, ეს კი, ჩემი აზრით, არქიტექტურას არანაირად არ წაადგება. უაზრო ფორმები, რომლებიც დროსა და სივრცეში არ არის არსებული და როგორც უცხო სხეულს – დეკორს ისე „ვაკერებთ“, დეკორს კი არანაირი კავშირი არ აქვს არქიტექტურასთან.
თქვენთვის რომელი ნაგებობებია არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო?
ძალიან ბევრი კარგი არქიტექტურული ნიმუშია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან არის შემორჩენილი. ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, რომელიც ახლა საქართველოს ბანკის სათავო ოფისია, ყველამ ვიცით რომ კარგია, მაგრამ მის გარდა, ბევრი საინტერესო ნიმუშია, მათ შორის სტალინისტური არქიტექტურის ძეგლები. ასევე, სოლოლაკსა და ძველ უბნებში შემორჩენილია კარგი ნაგებობები. თანამედროვე, გამორჩეული პროექტებიც მრავლადაა. ბევრი კარგი არქიტექტორი გვყავს, უბრალოდ, როდესაც კანონმდებლობა გზღუდავს, არქიტექტურა იკარგება, პროცესები იწელება და ის კონცეპტები, რაც შენ გქონდა ჩადებული, შეიძლება დაიკარგოს.
თქვენ მცირე ხნით მოსკოვშიც მუშაობდით, როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს?
მოსკოვში სავაჭრო ცენტრი გავაკეთე და კიდევ რამდენიმე პროექტი. რა თქმა უნდა, რუსეთში კარგი არქიტექტორებიც იქნებიან, მაგრამ ალბათ მე ვერ მოვხვდი ისეთ წრეში, რომელიც ჩემთვის იქნებოდა მისაღები და საინტერესო. საქართველოში დასაბრუნებლად ოჯახური მდგომარეობის გარდა (რადგან დავოჯახდი), დიდი როლი მენტალურმა განსხვავებამ ითამაშა. აქ თავისუფალი აზროვნება და განსხვავებული შეხედულებებია, რაც ჩემთან ახლოსაა. ამასთანავე, უაზროდ მიმაჩნდა ყოველდღიურად გზაში დაკარგული სამი საათი, რომელიც ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად მჭირდებოდა, ამ დროის განმავლობაში ცხოვრება იკარგება…
გვიამბეთ თქვენს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე
საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ. გვაქვს ბევრი პროექტი, როგორც დიდი, ისე პატარა ობიექტები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვცდილობთ მაქსიმალურად განვვითარდეთ სწორი მიმართულებით, არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც. მეგობრებთან ერთად შევქმენით 3D რენდერების კომპანია, არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდია „პარალელი“, რომელიც უფრო მარტივად გავა უცხოურ ბაზარზე, ვიდრე ჩვენ, რადგან არქიტექტორებს მეტი ძალისხმევა და კანონმდებლობის სწავლა გვჭირდება. ასევე ვცდილობთ, მეტად მობილურები გავხდეთ ტექნიკასთან, რათა უფრო სრულყოფილად ვანახოთ, რას მიიღებს დამკვეთი სამომავლოდ.
რას ეტყოდით არქიტექტურით დაინტერესებულ ადამიანებს?
ყოველთვის მიაქციონ ყურადღება რას აკეთებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ჰქონდეთ პასუხი კითხვაზე თუ რა კონცეფციით და რისთვის მუშაობ. საქმეში არ უნდა არსებობდეს კითხვის ნიშნები. არქიტექტორის მთავარი ამოცანა არის ფიქრი და ამ ფიქრის გადმოცემა ნახაზით, ვიზუალურად, იქნება ეს ჩანახატში თუ რენდერში. ჩვენ ვსაზღვრავთ როგორ გარემოში იცხოვრებს ნებისმიერი ადამიანი და ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.