in

პატარა იდეითა და დიდი სურვილით დაწყებული საქმე – „ვუდსბრო ინტერიერის“ ისტორია

ნებისმიერი საქმე პატარა იდეითა და დიდი სურვილით იწყება. ასე დაიწყო ავეჯის მწარმოებელი კომპანიის, ვუდსბრო ინტერიერის“ ისტორიაც. ის სამმა ბავშვობის მეგობარმა დააარსა. საწყის ეტაპზე, სირთულეების მიუხედავად, შრომისმოყვარეობით, ენთუზიაზმითა და მონდომებით კომპანიამ მალე გაითქვა სახელი ქართულ ბაზარზე  და არაერთი მომხმარებლის კმაყოფილებაც დაიმსახურა. „ვუდსბრო ინტერიერის“ განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დირექტორი, ზაზა ჯალაღანია გვესაუბრება.

ზაზა, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორ მოხვდით ამ სფეროში?

განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მენეჯმენტის განხრით მივიღე. საკუთარი კომპანიის დაარსებამდე რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი, სადაც, გარდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებისა, ვსწავლობდი კომპანიის სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას, ვაკვირდებოდი დასაქმებულთა პირობებს, მათ პრობლემებს, რათა მართვის შესახებ ცოდნა დამეგროვებინა. მანამდე ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის სფეროსთან არანაირი შეხება არ მქონია, უბრალოდ, ავირჩიე ისეთი დარგი, რომელშიც მცირე ინვესტიციის ჩადება მომიწევდა და ინდივიდუალურ შეკვეთებზე ნაკლები კონკურენცია იქნებოდა. მიზნად დავისახეთ, გადაგვეჭრა დამკვეთის მთავარი პრობლემა და მისთვის შეკვეთის დროულად ჩაბარება და შეთანხმებული დიზაინის, ზომისა და ფერის ავეჯის მიწოდება შეგვეთავაზებინა.  ბაზარზე ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია. საბედნიეროდ, ჩვენს მომხმარებელს ის არ აწუხებს.

როგორ შეიქმნა თქვენი კომპანია, საიდან გაჩნდა მისი დაარსების იდეა?

„ვუდსბრო ინტერიერი“ 2018 წლის იანვარში სამმა ბავშვობის მეგობარმა შევქმენით. იდეა ძალიან მარტივი იყო: გვინდოდა, დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და ჩვენი საქმე გვქონოდა; ისიც ვიცოდით, რომ ამისთვის ძალიან დიდი მონდომება და დისციპლინა იყო საჭირო, რადგან უკან დასახევი გზა აღარ გვექნებოდა. როგორც იცით, ავეჯის შეკვეთისას მომხმარებელი წინასწარ იხდის თანხის ნაწილს (ავანსს), რაც საშუალებას მოგვცემდა, ინვესტიციის გარეშე დაგვეწყო მუშაობა. ამან გვიბიძგა საქმიანობის დაწყებისკენ. პირველ ეტაპზე  მხოლოდ 18 კვ. მ. სამუშაო ფართი, ნული ინვესტიცია და სამი მეგობრის ენთუზიაზმი გვქონდა – ეს იყო „ვუდსბროს“ პირველი ნაბიჯი.

რა სირთულეებს წააწყდით დასაწყისში და როგორ მოვიდა კომპანია დღემდე?

სანამ საკუთარ დანადგარს შევიძენდით, გარკვეულ მომსახურებას (მაგალითად, მასალის დაჭრას და ტრანსპორტირებას) სხვა კომპანიები გვიწევდა, რაც მესამე პირზე დამოკიდებულს გვხდიდა. პირველ ეტაპზე მთავარი სირთულე, ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში, პროფესიონალი კადრების პოვნა აღმოჩნდა. დღეს ჩვენი კომპანია, ანაზღაურების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მოწინავეა ამ სექტორში, რადგან შრომა, მონდომება და განვითარების სურვილი შეუმჩნეველი არ რჩება. სამუშაო საათები, ოფიციალური დასვენების დღეები, შვებულებები – ყველაფერი შრომის კოდექსზეა მორგებული, ამიტომაც ვფიქრობ, რომ „ვუდსბრო ინტერიერი“ ევროპული სტანდარტების საწარმოა.

რა არის „ვუდსბრო ინტერიერის“ ძირითადი მიმართულება?

ლამინირებული დსპ და მდფ მასალის ავეჯის წარმოება, რომელშიც მეტალისა და დარბილებული ქსოვილების ელემენტებია გამოყენებული. ვამზადებთ როგორც ფიზიკური პირების შეკვეთებს (ინტერიერის ავეჯს: სამზარეულოს, საძინებელს, მისაღებს და ა. შ.). ასევე, ვთანამშრომლობთ კერძო კომპანიებთან, სავაჭრო ცენტრებსა და სამშენებლო სექტორთან. რაც შეეხება ავეჯის მწარმოებლებს, მათ მასალის დაჭრისა და პლასტმასას წიბოს გადაკვრის („დალენტვის“) მომსახურებას ვუწევთ.

უფრო კონკრეტულად, რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენთან შეგიძლიათ, ინტერიერის ავეჯთან დაკავშირებული სრული მომსახურება მიიღოთ. თავდაპირველად დიზაინერის, კონსტრუქტორის კონსულტაციას და 3D ნახაზის მომზადებას სრულიად უფასოდ გთავაზობთ. ეს გვეხმარება, ზუსტად გავიგოთ დამკვეთის მოთხოვნები და მისი სურვილისამებრ დავგეგმოთ პროექტი; მეორე ეტაპზე ირჩევა მასალები (ფურნიტურა), ვადგენთ შესაბამის რენდერებს, რათა მომხმარებლისთვის თვალსაჩინო იყოს ავეჯის ვიზუალი; შემდგომი პროცესი მოიცავს ავეჯის დამზადებას და დამკვეთისათვის დათქმულ ვადაში (ან უფრო ადრეც) შეკვეთის ჩაბარებას. მომხმარებლის რეკომენდაცია ყველაზე დიდი და ეფექტური რეკლამაა, ამიტომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, დავიცვათ განსაზღვრული ვადები, უზრუნველვყოთ ხარისხი და გამჭვირვალობა.

ავეჯს თქვენი დიზაინით ამზადებთ თუ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებთ?  

ჩვენი პროდუქციის 90% მომხმარებლის შეკვეთით მზადდება. გვინდა, ზუსტად მოვერგოთ დამკვეთის გემოვნებასა და მოთხოვნებს. მზა ავეჯის შეძენა არცთუ ისე კომფორტულია: ზოგჯერ არ მოგვწონს ზომა, ფერი, ფორმა. ამიტომ მომხმარებელს, ხარისხიან მომსახურებასთან ერთად, სრულ თავისუფლებასაც ვაძლევთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ერგება ქართველი მომხმარებლის გემოვნებას თქვენი პროდუქცია?   

ინდივიდუალური მიდგომის წყალობით, მომხმარებელი ყოველთვის იმას იღებს, რაც უნდა – ზომის, ფერის, განლაგებისა და დიზაინის ჩათვლით. უკან არაფერზე ვიხევთ: რისი შესრულებაც ტექნიკურად შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. უნდა აღვნიშნო, რომ ბაზარზე ჩვენს პროდუქციასა და მომსახურებას საკმაოდ მისაღები ფასი აქვს, რაც დამკვეთს იზიდავს. ამასთან ერთად, მომხმარებლის წასახალისებლად უამრავი აქცია, გათამაშება, პრიზი და ვაუჩერი გვაქვს ხოლმე. სასურველი, ხარისხიანი პროდუქტის ჩაბარებისას, არაერთხელ მოგვისმენია სინანულით სავსე ფრაზა: „აქამდე რატომ არ ვიცოდი თქვენზე…“ ბედნიერები ვართ, რომ მომხმარებელს იმედს არასოდეს ვუცრუებთ.

რა ეტაპზე ხართ ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მთავარი მიზანი – საკუთარი საწარმო, დანადგარები და დამოუკიდებლობა – უკვე მიღწეულია. ახლა გვინდა, სოციალური ქსელების მართვას მივაქციოთ მეტი ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ 70 000-ზე მეტი მოწონება გვაქვს და უამრავი რეკომენდაციაც, მათი ავტორები, ძირითადად, ჩვენი მომხმარებლების რჩევით მოსული ხალხია. გვინდა, სრულიად უცხო ადამიანებმაც გაგვიცნონ და მათი ნდობაც მოვიპოვოთ. მალე კომპანიის გაფართოებას ვაპირებთ და ბათუმში ვგეგმავთ ფილიალის გახსნას. ამ ქალაქიდან უამრავ შეტყობინებას ვიღებთ, არადა, ჯერჯერობით მხოლოდ პროდუქტის გაგზავნას ვახერხებთ.

დაბოლოს, როგორ დაახასიათებდით თქვენს პროდუქციას?

„ვუდსბრო ინტერიერის“ პროდუქციას პროფესიონალები ქმნიან. ვიყენებთ მაღალი ხარისხის მასალას, რომელსაც შესაბამისი გარანტია აქვს. ქარხნული წუნის აღმოჩენისას, უმოკლეს ვადაში იცვლება დეტალი. ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებელს და სახლიდან გაუსვლელად მივაწოდოთ სასურველი პროდუქტი, ამით კი მათი ნდობა და კმაყოფილება მოვიპოვოთ.

 

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ზღაპრული ბავშვობითა და ჯადოსნური ფანტაზიით შთაგონებული შემოქმედება – ინტერვიუ თამაზ გოგოლაძესთან

10 გზა საძინებლისთვის მდიდრული ელფერის შესაძენად