ეკვადორში, აზუაის რეგიონში მდებარე იუნგუიას ველზე არსებულ ამ შენობას ადრე ყვავილების შესანახი საწყობის ფუნქცია ჰქონდა. მისმა ახალმა მეპატრონეებმა, ბუნებრივია, საწყობის სახლად გადაქცევის მიზნით ტერიტორიის სრული რენოვაცია გადაწყვიტეს, მაგრამ მალევე შეეჩეხნენ მთავარ კითხვას – დაეშალათ არსებული კონსტრუქცია და ახალი შენობა აეგოთ, თუ საწყობი გამოეყენებინათ და განეახლებინათ. ვინაიდან საწყობი საკმაოდ კარგად იყო შემონახული, არქიტექტორებთან კონსულტაციის შემდეგ მისი განახლება გადაწყდა.
საწყობიდან საკმაოდ მომხიბვლელი ხედი იშლებოდა, თუმცა ეკვადორს საკმაოდ ნესტიანი, მცხუნვარე ამინდი ახასიათებს, ამიტომ შენობის კედლების ცვლილება და ექსტერიერის ინტერიერიდან გამიჯვნის აუცილებლობა გაჩნდა. ამ მიზნის მისაღწევად არქიტექტორებმა სახლი ფოლადის ფარდისებური ზედაპირით დაფარეს, რის შედეგადაც სახლს ამინდის ცვლილებები ზიანს ვერ აყენებს. მოეწყო გასარუჯი სივრცე და ჯაკუზიც.
პროექტში ექვსი საძინებელი, სასტუმრო, სასადილო ოთახები, სამზარეულო, საკუჭნაო, სხვენი და ბარბექიუს ზონა მოეწყო. საერთო ჯამში სახლი 400 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ბეტონის იატაკი აკრილის ზედაპირით მოპირკეთდა, შენარჩუნდა არსებული სახურავი და აღიჭურვა წვიმის ხმის ჩამხშობი და ზაფხულის სიცხის შემაკავებელი ზედაპირით.
სახლის საძინებლებს ორმაგი სიმაღლე გააჩნიათ, ამიტომ შეიქმნა მეზანინის ტიპის კონსტრუქცია, რამაც შესაძლებელი გახადა ქვემო სართულზე სასტუმრო ოთახისა და სტუმრების საძინებელი ოთახის განთავსება.
ფოტოგრაფი: Nicolás Provoste Fotografía