in

მცირე ზომის ბინის პროექტირების მთავარი პრინციპები -„Wii Design Studio“-ს გზამკვლევი რეალური პროექტის მაგალითზე

მცირე ზომის საცხოვრებელი ფართი, შესაძლოა, საცხოვრებლად რთული ან არაკომფორტული გვეჩვენებოდეს, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ თუ სივრცეს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ფუნქციურად სწორად გადავანაწილებთ, კომფორტზე უარის თქმა არ მოგვიწევს და სრულფასოვანი სახლის მოწყობას შევძლებთ. ამასთან დაკავშირებით, სტუდია „Wii Design Studio“  მცირე ზომის ფართის მოწყობასთან დაკავშირებით პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს და გამოსადეგ ინფორმაციას გვაწვდის, რომელიც მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრის შექმნაში დაგეხმარებათ.

„ჩვენი სტუდიის დაარსების დღიდან ხშირად გვიწევს მცირე ზომის პროექტებზე მუშაობა, რაც საკმაოდ შრომატევადი, საპასუხისმგებლო, თუმცა ძალიან საინტერესო გამოწვევაა. საინტერესოა იმ ამოცანების გადაჭრა, რომლებსაც  საპროექტო ფართი თუ მეპატრონე გვიქმნის. მოცემულ სტატიაში ვეცდებით, მცირე ზომის ფართის პროექტირების პრინციპები ჩვენი ერთ-ერთი პროექტის მაგალითზე გაგიზიაროთ, მაგრამ ამასთანავე, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ თავად გადაწყვეტთ თქვენი საცხოვრებლის მოწყობას“, — „Wii Design Studio“-ს გუნდი.

პროექტირების ეტაპი

როგორც ჩვენი რესპონდენტები აღნიშნავენ, ობიექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა ფართის პროპორციას, შახტების განლაგებას, ფანჯრისა და აივნის კარის გაღების მიმართულებას უკავშირდება, რადგან სამივე კომპონენტი დიდ გავლენას ახდენს პროექტის მიმდინარეობასა და საბოლოო იერსახეზე.

  1. ფართის პროპორცია – ნებისმიერი კვადრატული სივრცის მნიშვნელოვანი დეტალია, რაც სივრცის გამართულად ათვისების წინაპირობა ხდება.
  2. შახტების განლაგება – მათი განლაგების ადგილები და რაოდენობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სივრცეების გადანაწილებაში.
  3. ფანჯრის და აივნის კარის ღიობების გაღების მიმართულება – მათი საშუალებით განისაზღვრება ტიხრების განლაგება და ავეჯის მდებარეობა.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია მეპატრონის სურვილები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, სივრცის ორგანიზებისთვის გადამწყვეტია.

„თითოეულ ადამიანს ცხოვრების ინდივიდუალური სტილი და ხასიათი აქვს, რაც მათი სივრცის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. შესაბამისად, ძირითად მოცემულობაზე ხშირად გვიწევს დამატებითი ზონების თუ დამოუკიდებელი სივრცეების დამატება. ჩვენი მთავარი ამოცანა კი ამ დამატებების ძირითად ელემენტებთან ჰარმონიული სინთეზია“.   

სტილი 

ნებისმიერი ფართობის მქონე საცხოვრებელში დიდი მნიშვნელობა აქვს სტილის სწორად შერჩევას. ამ მხრივ, პატარა სივრცეში უპირატესობა სიმარტივეს ენიჭება, რომელიც პრიორიტეტების სწორად გადანაწილებაში გვეხმარება და მხოლოდ ყოველდღიურობაში საჭირო და მნიშვნელოვანი ნივთების განთავსებას განაპირობებს.

„პატარა სივრცის შემთხვევაში, სტილი არა მხოლოდ ესთეტიკა, არამედ საჭირო ფუნქციურობაა, რომელიც საბოლოოდ, გვაძლევს ღია, მარტივ და მსუბუქ სივრცეს“, — ამბობენ „Wii Design Studio“-ს დამფუძნებლები, ქეთი ბიბილეიშვილი და მარი ზურაბიშვილი.

ავეჯის სწორად შერჩევა და განლაგება

სპეციალისტების თქმით, მცირე ზომის ინტერიერის გადატვირთვა ძალიან მარტივია, რადგან შეძლება რამდენიმე ნივთმაც კი გამოიწვიოს სიმძიმის გრძნობა. ამიტომ საჭიროა ნივთებისა და მათ შორის არსებული სივრცის ბალანსი, რისთვისაც სწორად ათვისებული სათავსოები და მრავალფუნქციური, ტრანსფორმირებადი ავეჯი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.

„ერთ სივრცეში სხვადასხვა ზონის არსებობის შემთხვევაში, მათ ფუნქციებს ხაზი მსუბუქი აქცენტებით უნდა გავუსვათ. ეს შეიძლება იყოს კონტრასტული ფერი, მიმართული განათება ან თუნდაც სახასიათო ფორმის დეტალი. სამოძრაო სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად ძირითადი გამოსავალი ავეჯისა და ნივთების ოთახის კონტურის გასწვრივ  განლაგებაა, მაგრამ თუ მათ კედელს არ მივაბჯენთ და დავუტოვებთ ადგილს გარშემო, თვალი მარტივად მოტყუვდება და ინტერიერში სივრცის ილუზია შეიქმნება“.

ვერტიკალური სივრცეების ათვისება 

როგორც დიზაინერები ამბობენ, ვერტიკალური სივრცეების ოპტიმიზაცია სათავსო სივრცეების გაჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა, რადგან თაროების და კარადების მთელ სიმაღლეზე – იატაკიდან – ჭერამდე განთავსებით იქმნება სათავსო, რომელიც ოთახის სივრცის მინიმალურ ნაწილს იკავებს და ამასთანავე, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

ფერთა შერჩევა 

„Wii Design Studio“-ს გუნდი გვიხსნის, რომ ღია ფერების პალიტრა ინტერიერში მეტი სინათლისა და სივრცის შეგრძნებას იწვევს, რადგან დღის სინათლესა და ხელოვნურ განათებას მარტივად ირეკლავს. ასევე, ღია ფერებს აქვს უნარი, არსებულ ავეჯს ხაზი გაუსვას და  ოთახს მოცულობა შეუნარჩუნოს.

ამასთანავე, დიზაინერები გვირჩევენ, კედლები და ჭერი ერთ ტონალობაში შევღებოთ, რათა მათ შორის ვიზუალური საზღვარი ნაკლებად შესამჩნევი გახდეს, რაც თავისთავად, სივრცეს შედარებით მაღალსაც გამოაჩენს. ანალოგიური ტონების მარტივი გრადაციით კი შესაძლებელია სივრცის ძირითადი დეტალები – დივანი, საწოლი და სამზარეულო დავაბალანსოთ და ნაკლებად შესამჩნევი გავხადოთ.

ამრეკლი და გამჭვირვალე ზედაპირები 

„სარკის დიდი სიბრტყეებისა და ამრეკლი ზედაპირების საშუალებით მარტივად შესაძლებელია სივრცის ილუზიის შექმნა. ამავდროულად, გამჭვირვალე ზედაპირები, რომლებიც ავეჯსა თუ სხვადასხვა ობიექტზეა დატანილი,  ერთგვარი უჩინარი დეტალებია, რომლებსაც ოთახში ძირითადად ფუნქციური დანიშნულება აქვს და მარტივი ვიზუალის გამო, შეუმჩნევლად გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში“.

„Wii Design Studio“-ს ერთ-ერთი პროექტის მაგალითზე (რომლის ფართობი 50 მ2-ია), ქვემოთ განვიხილავთ მცირე ფართობის ბინის მოწყობის სპეციფიკას.

როგორც პროექტის ავტორები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, ამ ობიექტზე მაქსიმალური სამოძრაო არეალის შესაქმნელად საჭირო გახდა გეგმარებითი ცვლილება, რამაც სწორი ზონირება განაპირობა.

თავდაპირველი გეგმარება – არსებული ტიხრები

გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, შემოსასვლელ კართან გაუქმდა არსებული ტიხარი, რამაც ორმხრივი სათავსოს სისტემა გააჩინა და სამზარეულო და შემოსასვლელი ერთმანეთისგან გამიჯნა. ამავდროულად კი ფუნქციური და პრაქტიკული ელემენტი შექმნა. ასევე, საძინებლის კარის გადაწევამ მნიშვნელოვნად გაზარდა შემოსასვლელი და სათავსოების სისტემა, ხოლო საძინებელში გარდერობის კარის გასწორებამ ვიზუალური უპირატესობა მიანიჭა სივრცეს.

ტიხრების დემონტაჟი

„პროექტზე მუშაობის დროს ტიხრების ძირითადი ნაწილი დავტოვეთ, თუმცა შევიტანეთ მცირე ცვლილებები, რამაც საბოლოოდ, საფუძვლიანი გავლენა იქონია გეგმარებაზე. მთავარ კართან არსებულმა ტიხრის დემონტაჟმა  საშუალება მოგვცა, გაგვეჩინა ისეთი შემოსასვლელი, რომელსაც ექნებოდა სათავსო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, განსაკუთრებით მცირე ზომის საცხოვრებლებში“, ­— „Wii Design Studio“.

პროექტის საბოლოო გეგმარება

კედლებზე და ჭერზე გამოყენებულია დეკორატიული ლესვა, რომელსაც სიმსუბუქეს დამალული პლინტუსი და LED ნათების ჩანართები სძენს. სამზარეულოს მუქი ტონალობის შესამსუბუქებლად კი სამზარეულოს სათავსოების ნაწილიც დეკორატიული ლესვითაა დამუშავებული, რამაც სათავსოებისა და კედლის ერთიანობის ილუზია შექმნა.

დერეფანში კარადებზე სარკეა დატანილი, რამაც ერთი შეხედვით ვიწრო სივრცეს მოცულობა შესძინა. მცირე და აქცენტირებული მასალების გამოყენებამ კი მინიმალურად დატვირთული ოთახი შექმნა.

„საძინებელში მთავარ დეტალს საწოლი წარმოადგენს, რომელიც შავი ხის შპონისგან არის დამზადებული. საწოლის დიზაინზე მუშაობის დროს ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი ფორმა, რომელიც საძინებლის სახასიათო ელემენტი იქნებოდა. მეორე დეტალი, რომელიც შავი შპონისგან შევქმენით, კონსოლის, ტუმბოს და სარკის კომპოზიციაა. მათი ფორმები საწოლის მრგვალ ფორმებს იმეორებს. იმისთვის, რომ ეს ორი კომპოზიცია აქცენტირებული ყოფილიყო, გარდერობის ფასადი კედლის დეკორატიული ლესვით დავამუშავეთ, რათა შავი შპონისთვის მაქსიმალურად გაგვესვა ხაზი“.

აღნიშნული პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების პრაქტიკაში განხორციელება.  სწორი გეგმარებითი და დიზაინ გადაწყვეტებით შეიქმნა ბინა, რომელშიც ფართის სიმცირის მიუხედავად, სივრცე სრულად ათვისებული, ფუნქციური, კომფორტული და რაც მთავარია, ესთეტიკურად დახვეწილია.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ეპოქსიდური იატაკი — მახასიათებლები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება

რა არის მზის პანელები და როგორია მათი გამოყენების გამოცდილება ქართულ ბაზარზე?