კოსტა რიკაში, პალმიჩალ დე აკოსტას შორეულ მთებში მდებარეობს Casa Salvaje, ბრუტალისტური ტროპიკული თავშესაფარი. სახლი სრულიად მუშაობს მზის ენერგიაზე, ხოლო რაც შეეხება წყალს – მას აღმართზე არსებული წყაროს წყლიდან მოიპოვებენ. სახლის მასალები საგულდაგულოდ შეირჩა, რათა ისინი ლანდშაფტს იდეალურად შერწყმოდა. თუმცა, ამავდროულად, დიზაინის სუფთა გეომეტრიული ფორმები ქმნის სასურველ კონტრასტს არქიტექტურასა და ბუნებრივ გარემოს შორის.
სახლში შესასვლელი ბეტონის გეომეტრიული სივრცეა, რომელსაც სახლის არქიტექტორები “მორევს” უწოდებენ. იატაკი კრისტალებითაა მოპირკეთებული, რომლებიც ციდან ჩამომავალ მთვარისა თუ მზის შუქს აირეკლავენ და ლამაზ სანახაობად გარდაქმნიან. “მორევი” არის ჭვრეტისა და სიმშვიდის ადგილი, სადაც შეიძლება ჩატარდეს მედიტაციის სესიები ან ვახშამი ღრმა/საინტერესო საუბრებით. ბეტონის კედლებზე დატანილია ადგილობრივი ფოთლები. ხოლო მორევის გარე ნაწილი მთლიანად დაფარულია მცენარეულობით.
სამშენებლო ადგილი თავდაპირველად წარმოადგენდა უზარმაზარ გამოწვევას მისი შორეული მდებარეობისა და ციცაბო და ვიწრო, ჭუჭყიანი გზების გამო. სახლის ინტერიერი იატაკიდან ჭერამდე მთლიანად შექმნილია ადგილობრივი ხით. გარე კედლებზე კი ადგილობრივი ქვა არის გამოყენებული. ინტერიერის დიზაინი ეკუთვნის ილეანა გერეროს, რომელმაც აქტიურად გამოიყენა დიზაინში ხელნაკეთი ელემენტები. რაც შეეხება ლანდშაფტის დიზაინს, ის ხორხე სალგადოს მიერ შეიქმნა, რომელიც სავსეა ლამაზი, ენდემური ჯიშის მცენარეებით.
“გეომეტრიული სიწმინდით და ოსტატობით, Casa Salvaje მოიცავს ბევრი არქიტექტორის დიზაინის მიზანს და ფილოსოფიას: ჩვენი ნამუშევარი მიზნად ისახავს წინაპრების სამშენებლო ტრადიციების ხელახლა ინტერპრეტაციას და ადგილობრივი მასალებით პროექტის ხორცშესხმას. ჩემი ერთ -ერთი მთავარი განზრახვაა შევქმნა სივრცეები, რომლებიც სარგებელს მოუტანს და არგებს მის მოსახლეობას, როგორც ემოციურად და სულიერად ისე – ესთეტიკურად. მე ვცდილობ, ყველა პროექტში უზრუნველვყო მინიმუმ ერთი სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსცენდენტულ გამოცდილებას და მის მოსახლეებს ყოველდღიური ფუნქციებით დატვირთული სივრცეების გარდა, ექნებათ ადგილი, სადაც ღრმად იფიქრებენ,” – ამბობს პროექტის არქიტექტორი.
არქიტექტურული სტუდია: Mazpazz Arquitectura
ფოტოგრაფი: Andres Garcia Lachner