in

Wine House — ძველი სახლის საინტერესო რეკონსტრუქცია ZROBIM Architects-ის მიერ

Alliance Group
Alliance Group

Wine House არის ნათელი სკანდინავიური, მინიმალისტური სახლი, რომელიც მის შემოგარენში გამორჩეულია. ZROBIM Architects-ის რეკონსტრუქციის ობიექტი ტერიტორიისთვის საკმაოდ უჩვეულოა.

პროექტის საფუძვლად აღებულ იქნა სკანდინავიური ბეღელი პატარა წაწვეტებული სახურავით. იმის გათვალისწინებით, რომ დამკვეთს ოთახების რაოდენობის გაზტდა სურდა, პროექტის ავტორებმა შენობა გააფართოვეს — ამ ნაწილს აქვს სწორი სახურავი, რომელიც ასევე დიდ ტერასას წარმოადგენს.

სახლს ამშვენებს მარტივი, ლაკონიური ფასადი, რომლის ფრაგმენტულობა ხის ფიცრებს შორის მანძილის გაზრდით მიიღწევა.

ყურადღებას იქცევს სახლის ფერი. ეს არის ის მთავარი მახასიათებელი, რომელიც მას სხვა შენობებისგან გამოარჩევს. სკანდინავიურ კულტურაში “Surika” კერძო სახლებისთვის ყველაზე გავრცელებული ფერია. თუმცა, პროექტის ავტორებს სახლის წინ მდებარე ალუბლის ხემ გაუჩინა იდეა, რომ ფასადის ელფერი ოდნავ შეცვლილიყო. სწორედ ასე შეირჩა საბოლოო ჯამში, უმშვენიერესი მუქი ღვინისფერი.

პროექტის კიდევ ერთი სახასიათო ნიშანია აქცენტირებული შავი ქარსაცავი. არქიტექტორები მას არ მალავენ — ის ფიცრებს შორის არის გამოკვეთილი და სახლს არაერთგვაროვნებასა და უჩვეულო ელფერს სძენს.

დამატებითი სივრცე მოიცავს სამზარეულოს სასადილო ზონით, საქვაბე ოთახსა და სამრეცხაოს.  არქიტექტორებმა შენობას მეტი პანორამული ფანჯრები დაამატეს. მეორე სართულზე განთავსებულია ორი სრულფასოვანი საძინებელი, რომლებიც ერთმანეთისგან სახლის ოფისის საშუალებით არის გამოყოფილი.

სამივე ოთახს აქვს თავისუფალი წვდომა ტერასებზე. თავდაპირველად სახლი გაზის სილიკატისგან იყო აშენებული, შენობის ახალი ნაწილისთვის კი თიხის აგრეგატის ბეტონი გამოიყენეს, რომელსაც მეტი სიმტკიცე და წყლის ნაკლები შთანთქმა ახასიათებს.

ბუნებრივი მასალების გამოყენება ასახავს კომპანიის ფილოსოფიას და სკანდინავიური სტილისადმი ერთგულებას. მარტივი გადაწყვეტების ხარჯზე რეკონსტრუქციის ღირებულება საკმაოდ დაბალი გამოვიდა.

პროექტი Wine House არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება 140 კვადრატულ მეტრზე სათანადოდ განთავსდეს ყველაფერი, რაც მაცხოვრებელს სრული კომფორტისთვის სჭირდება. შედეგად პროექტის ავტორებმა მიიღეს კომპაქტური და ფუნქციური სივრცე, რომლის გამოყენებაც მარტივია.

 

სტუდია: ZROBIM architects

პროექტის ავტორები: Oleg Povaybo, Natallia Koliasen, Andrus Bezdar

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

მაკლერი, უძრავი ქონების აგენტი, ბროკერი, რეალტორი – რა განსხვავებაა მათ შორის?

კერძო სახლი თუ კორპუსის ბინა – როგორ გადავწყვიტო?