Wood crafters ქართული მასიური ხის ავეჯის საწარმოა, რომელიც ძველი ხის სახლებისგან, წისქვილებისგან და ბეღლებისგან თანამედროვე დიზაინის მასიურ ხის ავეჯს ქმნის. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი ხის მოჭრის გარეშე, სახლში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა უნიკალური ხის ავეჯით. აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმოს საქმიანობით გარემოზე ზრუნვა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაც ხდება. ამ საინტერესო ამბავს კი დღეს კომპანიის დამფუძნებელი მადონა სურმანიძე თავად გვიამბობს.
მოგვიყევით უფრო დეტალურად, რას საქმიანობს „ვუდ კრაფტერსი“ და როგორ ახერხებთ დაშლის პირას მყოფი ხის სახლის ასეთ უნიკალურ ავეჯად ქცევას?
„ვუდ კრაფტერსის“ მიერ შექმნილი ავეჯი, შეიძლება ითქვას, რომ ძველი ხის სახლების მეორე სიცოცხლეა. თუკი ადრე ადამიანები საცხოვრებლად გამოუსადეგარ სახლებს შეშად იყენებდნენ, ბოლო პერიოდში ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და საუკუნოვან მასალას, გაქრობის ნაცვლად, ახალი სიცოცხლე ენიჭება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია საზღვარგარეთ, რადგან იქ ძალიან ღირებული და ძვირფასია მეორადი ხის მასალით შექმნილი ავეჯი. შესაბამისად, საქართველოშიც, ბოლო წლებში ძალიან მოთხოვნადი გახდა ავეჯის ეს მიმართულება. აქტუალობა კი იმდენად მაღალია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ეს რესურსი ამოიწურება კიდეც, რადგან ასწლოვანი მუხის სახლები და ბეღლები უსასრულოდ არ მოიპოვება.
რაც შეეხება პროცესს, თავდაპირველად ხდება ძველი ხის სახლების შეძენა, დაშლა, ჩამოტანა, შემდგომ, ამ მასალით ავეჯის შექმნას ვიწყებთ. ზოგადად, ხეზე მუშაობა რთული საქმიანობაა, ჩვენ შემთხვევაში კი მხოლოდ ავეჯის დაჭრა-აწყობა არ ხდება, ეს არის დიდი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც გაცილებით შრომატევადია. ყოველთვის ვამბობ, რომ ადამიანი, რომელიც ხეზე მუშაობს, პირველ რიგში, ხელოვანია, რადგან გარდა ტექნიკური უნარებისა, დურგალს უნდა გააჩნდეს კარგი ხედვა, გემოვნება, ნიჭი, რათა თითოეული ნაჭრისგან გამორჩეული ნაკეთობა შექმნას. ჩვენ, ძირითადად, ძველი მუხის მასალას ვიყენებთ, რომელიც ულამაზესია და გამძლეობით გამოირჩევა. ის მოემსახურება თაობებს და დროსთან ერთად კიდევ უფრო ღირებული ნივთი გახდება.
„ვუდ კრაფტერსი“ ავეჯს კომპანიებისთვის და ფიზიკური პირებისთვის ქმნის. პროდუქცია კი დამზადებულია როგორც ჩვენი, ასევე მომხმარებლის დიზაინის მიხედვით. სახელოსნოში წარმოდგენილია ჩვენი შოურუმიც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, დაათვალიეროს, შეაფასოს და შეიძინოს სასურველი ნამუშევრები.
რა პრიორიტეტებით გამოირჩევა თქვენი კომპანია?
პირველ რიგში, არასდროს ვარღვევთ შეკვეთის ჩაბარების დროს და დათქმულ ვადაში გადავცემთ მომხმარებელს პროდუქტს.
ხარისხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, გამომშრალ ხის მასალას ვიყენებთ, რაც უმთავრესია და შედეგად, მაღალი ხარისხის პროდუქციას ვქმნით. ამავდროულად, უმაღლესი ხარისხის ლაქს, ზეთს და სხვა დამხმარე ნედლეულს ვხმარობთ. კომპანიისთვის თითოეული მომხმარებელი განსაკუთრებულია და მათი კმაყოფილება მთავარი მამოძრავებელი ძალაა ჩვენთვის.
ვფიქრობ, ბიზნესს, რომელსაც წარმატების მიღწევა და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი სურს, უპირველესად, კორპორატიული კულტურა უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული, რაც ჩემთვის პასუხისმგებლობიან, საკუთარ საქმეზე შეყვარებულ და კვალიფიციურ თანამშრომლებს ნიშნავს, მათთვის მეგობრულ და არა სტრესულ გარემოს შექმნას, რომელშიც ურთიერთპატივისცემა იგრძნობა. ასეთი გუნდი კი ყოველთვის შეძლებს ღირსეულად მოემსახუროს მომხმარებელს და აწარმოოს ხარისხიანი პროდუქტი. ჩვენთან კი ყველაფერი ასეა, რაზეც ყოველდღიურად ვზრუნავთ. უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი სწორედ თავდაუზოგავი შრომისა და სწორი მიდგომების შედეგია. ნივთის შექმნის პროცესი შემოქმედება უფროა ჩვენთვის, ვიდრე უბრალოდ ავეჯის დამზადება, თითოეული მათგანს კი განსაკუთრებული განწყობით ვქმნით.
შემოქმედება ახსენეთ… როგორც ვიცით, თქვენ თავად ხელოვნების სფეროდან მოდიხართ, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში?
დიახ, თავდაპირველი პროფესიით ბალეტის მოცეკვავე ვარ, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე. მთელი ბავშვობა სცენაზე გავატარე. შემდეგ კი თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე კულტურის სფეროს მენეჯმენტის მიმართულებით. კულტურის სფეროს პროექტების მართვა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, შესაბამისად, კარიერული გამოცდილებაც თავიდანვე ამ განხრით მივიღე, შემდგომში, E- commerce-ის (ელექტრონული კომერცია) მიმართულებით დავინტერესდი და დღემდე ამ სფეროში ვმოღვაწეობ. აქამდე დაგროვილი გამოცდილება კი საკუთარ საქმეში ნაყოფიერად გამოვიყენე.
ზოგადად, მრავალფეროვნება მიყვარს, ერთი კონკრეტული სფერო ჩემთვის მოსაწყენია. სამყარო ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს და მინდა, რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა საქმესთან მქონდეს შეხება. ყველა საქმე რაღაცას გვასწავლის, რაც ცხოვრების შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გვადგება. ცეკვა და ვარჯიში ის საქმიანობაა, რაც ძალიან მაბედნიერებს, ამიტომ ჯერ კიდევ ვანებივრებ თავს და თავისუფალ დროს ცეკვასა და ვარჯიშს ვუთმობ.
ქალი, როგორც ავეჯის საწარმოს დამფუძნებელი ჩვენს სოციუმში იშვიათია, ამის გამო საზოგადოებისგან გაკვირვებასა და დაინტერესებას ხომ არ გრძნობთ?
გეთანხმებით, ადგილობრივი ავეჯის წარმოების სფეროს 99%-ს მამაკაცები შეადგენენ, შესაბამისად, მომხმარებლებს იგივე მოლოდინი აქვთ ჩვენ მიმართაც. როდესაც მათ ვეკონტაქტები, ხანდახან უკითხავთ კიდეც დეტალებზე ვის უნდა გაესაუბრონ. ეს მახალისებს. ჩემთვის ერთგვარი აზარტი და გამოწვევაა სტერეოტიპების რღვევა, რადგან ჩემი აზრით, ქალისა და კაცის პროფესია არ არსებობს. უბრალოდ არსებობს კონკრეტული სფეროები, რომლებსაც კაცების უმრავლესობა ირჩევს ან პირიქით, ქალების, რადგან კონკრეტულ დარგში თავს კომფორტულად, კარგად გრძნობენ და არა იმიტომ, რომ ამა თუ იმ საქმიანობისთვის საჭირო უნარები არ აქვთ.
ბავშვობიდან მსურდა საკუთარი კომპანიის შექმნა, რომელსაც განვავითარებდი. როდესაც განვლილ გზას აფასებ, შენს ახლანდელ პოზიციას უყურებ, ყველაზე დიდი ადრენალინი და ბედნიერებაა ჩემთვის. ავეჯის სფერო საკმაოდ დიდი და კონკურენტუნარიანია, წლების წინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ამ მიმართულებასთან მექნებოდა შეხება, ეს ყველაფერი კი ჩემი მეუღლის, ირაკლის დამსახურებაა, რომელიც ასევე, სრულიად სხვა სფეროშია დასაქმებული, ხესთან მუშაობა მისი გატაცება იყო, რომლის საქმიანობად ქცევაც გადავწყვიტე. დღეს კი უკვე ორივე ერთად ვზრუნავთ კომპანიის მენეჯმენტზე და განვითარებაზე, გვყავს ძალიან კარგი ოსტატთა გუნდიც, რომლებიც ამ სილამაზეს ქმნიან.
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის