ქართული საწარმო „ვუდერსი“ ინდივიდუალური დიზაინის მქონე ავეჯს ამზადებს, რომელიც მრავალფეროვანი სტილითა და ხარისხით გამოირჩევა. კომპანიის დამფუძნებელი, ზვიად გოგოლაძე დღევანდელ სტატიაში “ვუდერსის” შექმნის ისტორიაზე გვიამბობს. მისი გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა და სირთულეების მიუხედავად სასურველი მიზნის მიღწევა, დღეს ის, ჩვენთან საუბრისას, განვლილ გზას იხსენებს.
გაგვაცანით თქვენი თავი, როგორ აღმოჩნდით ავეჯის წარმოების სფეროში?
პროფესიით იურისტი გახლავართ, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში გამოცდილება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბავშვობიდან მიყვარდა ხეზე მუშაობა. მახსოვს, პირველად, მე-6 კლასში, მასწავლებლის დავალებით, დამოუკიდებლად ბეღურების ხის სახლი გავაკეთე. სანამ ავეჯის სექტორში მოვხვდებოდი, მანამდე გამოცდილება რამდენიმე განსხვავებულ სფეროში მივიღე. მქონდა ჩემი სარესტორნო ბიზნესიც. როდესაც მისი დახურვა მომიწია, მეუღლის ბიძამ ავეჯის წარმოებაში დახმარება მთხოვა, რადგან სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, ვინც მთლიანად გაუძღვებოდა წარმოებას, შეკვეთის აღებას, აზომვით სამუშაოებს, ხარისხის კონტროლსა და დიზაინის შედგენას. ამიტომ სრულად მომიწია ამ სფეროს შესწავლა, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ყოველთვის მხიბლავდა რაღაც ახლისა და განსხვავებულის შექმნის იდეა.
შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული და მძიმე პერიოდი დაიწყო. სამწუხაროდ, დამენგრა ოჯახი და სამსახურიდანაც წამოვედი. მძიმე მენტალური და ფინანსური პრობლემების წინაშე დავდექი. გამოსავალს ვეძებდი, რომ რამენაირად თავი გამეტანა. მახსოვს, ზუსტად 27 დეკემბერს, როდესაც ყველა საახალწლოდ ემზადებოდა, მხოლოდ 45 ლარი მქონდა. გადავწყვიტე რეკლამისთვის სტიკერები დამებეჭდა და ბურღი შემეძინა. შეიძლება ითქვას, რომ 30 ლარიანი ბურღითა და 15 ლარიანი სტიკერებით დავიწყე საქმიანობა. თავდაპირველად, მარტო ვმუშაობდი, რადგან დამკვეთები, ძირითადად, ჩემი ახლობლები იყვნენ. ნელ-ნელა მომხმარებელთა ბაზა გაფართოვდა და პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა, ერთგულ კლიენტთა რეკომენდაციით არაერთი ახალი დამკვეთი მოვიდა, რამაც „ვუდერსის“ განვითარებას შეუწყო ხელი. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება ბევრისთვის მოტივაციის წყარო და საინტერესო მაგალითი შეიძლება გახდეს. მგონია, რომ რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ადამიანი არ უნდა დანებდეს, სასოწარკვეთის მაგივრად, მიზანი უნდა დაისახოს და ამ მიზნისკენ გზა განაგრძოს.
როგორ შეიქმნა კომპანია „ვუდერსი“ და რატომ შეარჩიეთ ეს სახელი?
შეკვეთების ზრდასთან ერთად, საჭირო გახდა კადრების დამატება, რადგან ფიზიკურად თავს ვეღარ ვართმევდი ამდენ საქმეს. ყოფილა შემთხვევები, როცა დღე-ღამეში 2-3 საათი მეძინა. ახალი კადრები გადავამზადე და ყველაფერი შევასწავლე, რათა ხარისხიანი პროდუქტი მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის. ასე შეიქმნა კომპანია „ვუდერსი“. ამ ბიზნესის წამოწყებაში მეგობრებიც მხარს მიჭერდნენ, ერთ-ერთი შეკრების დროს, სახელის სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავდით და „ვუდერსმა“ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, ასე გაჩნდა საწარმოს სახელწოდებაც.
როგორია კომპანიის ძირითადი პროფილი?
ჩვენთვის უპირველესია ხარისხი და პროფესიონალური მომსახურება, რათა შევქმნათ განსხვავებული დიზაინის ავეჯი, რომელიც სივრცეს იდეალურად მოერგება. ამჟამად, „ვუდერსი“ საყოფაცხოვრებო და საოფისე ავეჯს ინდივიდუალური შეკვეთით ამზადებს. ვთანამშრომლობთ, როგორც ფიზიკურ პირებთან, ისე კომერციულ ობიექტებთან. ამ პროცესში, ცხადია, დამკვეთის სურვილებსა და მოთხოვნებს ვითვალისწინებთ.
რა სირთულეებს წააწყდით საწყის ეტაპზე?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა შეკვეთა დროულად მიიღოს. სანამ საკუთარ დანადგარს შევიძენდი, მომსახურებას სხვადასხვა კომპანია გვიწევდა, ამიტომ მესამე პირზე დამოკიდებული ვიყავით, რის გამოც, საქმის დასრულება დროში იწელებოდა, ეს კი გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. საწყის ეტაპზე კიდევ ერთი სირთულე პროფესიონალი კადრების მოძიება აღმოჩნდა, რომლებიც „ვუდერსის“ მთავარ იდეას პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ. პანდემიის პერიოდში, გახსნიდან ერთ კვირაში, მოგვიწია შოურუმის დახურვა. როგორც ყველა სხვა ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც რთული იყო ამ გადაწყვეტილებს მიღება, მაგრამ მოვახერხეთ პრობლემებთან გამკლავება.
რა მომსახურებას სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებლებს?
კომპანია მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ავეჯს სთავაზობს. ჩვენთან დიზაინერის კონსულტაცია და 3D ნახაზის მომზადება სრულიად უფასოა, ეს პროცესი გვეხმარება დამკვეთის ზუსტი მოთხოვნები გავიგოთ და პროდუქტი სივრცეს მოვარგოთ. ამის შემდგომ ვარჩევთ მასალას, ავეჯის დამზადება და დამკვეთისათვის ჩაბარება კი დროულად, ან დათქმულ დროზე ადრე ხდება. „ვუდერსის“ ამოცანაა, მომხმარებელს შესთავაზოს კომფორტული მომსახურება სახლიდან გაუსვლელად. დისტანციური სერვისის წყალობით კი დამკვეთები უცხოეთიდანაც გვყავს. როგორც უკვე აღვნიშნე, ავეჯს ინდივიდუალური დიზაინითა და შეკვეთით ვამზადებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ მზა ავეჯის შეძენისას მომხმარებელს უფრო მეტი ნიუანსის გათვალისწინება უწევს და რთულია სასურველი მოდელის შერჩევა. ამასთან ერთად, დაწყებული გვაქვს ახალი, განსხვავებული დიზაინის პროდუქციაზე მუშაობაც, რომელსაც მალე წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას.
როგორ დაახასიათებდით „ვუდერსის“ პროდუქციას და როგორ ერგება ის ქართულ ბაზარს?
ვთვლით, რომ „ვუდერსის“ პროდუქცია პროფესიონალი გუნდის მიერ შესრულებული, მაღალი ხარისხის თანამედროვე დიზაინის ავეჯია, რომელიც დადგენილ ვადებში სრულდება და შესაბამისი გარანტიით ბარდება მომხმარებელს. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, დეტალი დროულად იცვლება. დამკვეთი სახლიდან გაუსვლელად იღებს სასურველ მოდელს. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია. პრიორიტეტულია, ნებისმიერ მომხმარებელს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბაზარზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.
იმის გამო, რომ ინდივიდუალურ დაკვეთებზე ვმუშაობთ, ვფიქრობთ, მომხმარებლის სურვილებსა და გემოვნებას სრულად ვერგებით, მაქსიმალურად ვცდილობთ, თუნდაც მცირე ფართის პირობებში, დამკვეთის სურვილი რეალობად ვაქციოთ. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი დამკვეთების რეკომენდაციით არაერთი კლიენტი მოდის.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
გვინდა, საქართველოს ბაზარი სრულად ავითვისოთ და რეგიონებშიც გავიდეთ. დავამატოთ რამდენიმე საწარმოც. ვაპირებთ, მეტი რესურსი ჩავდოთ სოციალურ ქსელებში, რათა „ვუდერსზე“ ინფორმაცია მეტ ადამიანს ჰქონდეს. ასევე, ვგეგმავთ სხვადასხვა აქციისა და გათამაშების დანერგვასაც, რათა მომხმარებელი წავახალისოთ.