Cushman & Wakefield-ის ცნობით, წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია, რომელზეც საპროექტო ჯგუფმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით იმუშავა. გუნდს იტალიელი არქიტექტორი და გენერალური გეგმარების ექსპერტი, მარკო არდიელი ხელმძღვანელობდა Ardielli Fornasa Associati; ქალაქგეგმარებით ნაწილზე კომპანია „ბაუ დიზაინმა“ BAU design იმუშავა; პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი Cushman & Wakefield-ის საერთაშორისო გუნდმა შეაფასა. საპროექტო ჯგუფი ასევე მოიცავდა კულტურის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს.
გუნდმა წარადგინა წყალტუბოს განვითარების კონცეფცია და ქალაქის ფუნქციური გამრავალფეროვნების გეგმა; წყალტუბოს განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს ოთხი მთავარი სტრატეგია:
- მთავარი რესურსის, თერმული პარკის სტრუქტურის გაძლიერება;
- ქალაქის საცხოვრებლად სასიამოვნო ადგილად გადაქცევა, მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით;
- კულტურული მემკვიდრეობის და ადგილის მეხსიერების შენარჩუნება, ფასეულობების გაძლიერება და ფუნქციების განვითარება;
- წყალტუბოს და ქუთაისის სინერგიული ურთიერთობის აღდგენა და გაძლიერება.