განვითარებად ურბანულ ტერიტორიებზე მშენებლობები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა ერთ სივრცეში აშენებული საცხოვრებლები, საბოლოოდ, ბუნებრივი სინათლის ნაკლებობას იწვევს, რადგან შენობები ერთმანეთს ეფარება და ჩრდილავს.
სახლი, რომელზეც ამ სტატიაში გიყვებით, The De Chill House – ს სახელით არის ცნობილი. შენობა ვიეტნამში მდებარეობს და მისი ფართობი 260 კვადრატული მეტრია. პროექტი მთლიანად არის ორიენტირებული მის ფუნქციურ გამოყენებაზე და ამყარებს ძლიერ კავშირს საცხოვრებელსა და ბუნებას შორის. არქიტექტორებმა სივრცე მაქსიმალურად აითვისეს და სახლის წინა და უკანა ნაწილებში ბაღი გააშენეს, რომელიც მწვანე მცენარეებითა და მოსასვენებელი ავეჯითაა მდიდარი.
ვერტიკალური ფორმა საშუალებას აძლევს მას, რომ თითოეულ სართულს ჰქონდეს წვდომა სინათლის სხვადასხვა კუთხესთან და ამ გზით არცერთი ნაწილის დაჩრდილვა არ ხდება. შენობა ქმნის კომფორტულ და ჯანსაღ ატმოსფეროს დასასვენებლად, სავარჯიშოდ, გარემოს დასათვალიერებლად და სხვა აქტივობებისათვის.
გამწვანებულ აივნებთან ერთად, სახლს აქვს დიდი ეზოც, სადაც ოჯახი იკრიბება და დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. რაც შეეხება ინტერიერს, ის იდეალურადაა შეხამებული სახლის შემოგარენთან და მდიდარია ეკოლოგიურად სუფთა მასალით.
სახლი დახვეწილი და მინიმალისტური სტილის ნიმუშია, სადაც გადამწყვეტ როლს ბუნება და უნიკალური არქიტექტურული სტილი თამაშობს. საცხოვრებელი სადაა, მაგრამ ამავდროულად მდიდრული და ელეგანტურიც.
არქიტექტურული სტუდია: X11 Design Studio
ფოტოები: Hoang Le
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”