სააბაზანო ნიჟარის არჩევა არც ისე მარტივი საქმეა. მოდელებისა და მასალების უზარმაზარი ასორტიმენტი თვალს აჭრელებს და არჩევანს ართულებს. დღეს შევეცდებით გირჩიოთ, სააბაზანო ნიჟარის არჩევის დროს, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება პირველ რიგში.
გადაწყვეტილების მიღებისთვის უმთავრესი და შეიძლება ითქვას ერთადერთი კრიტერიუმი სააბაზანო ოთახის კონფიგურაცია და ზომებია. ნიჟარის ოპტიმალურ არჩევანს სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს. ექსპლუატაციისათვის ყველაზე კომფორტულად და მიღებულად 50-60 სმ. სიგრძისა და 40 სმ. სიგანის ნიჟარა მიიჩნევა.
ფორმების მიხედვით, სააბაზანო ნიჟარა შეიძლება იყოს მართკუთხედი, კვადრატული, მრგვალი, ოვალური და ასევე არასტანდარტული დიზაინერული ფორმის. ნიჟარები შემდეგი ტიპებია გავრცელებული:
კონსოლური ნიჟარა
ამ ტიპის ნიჟარები კედელზე საკიდის მეშვეობით მაგრდება. მტკიცე კედელი, რომელიც წყლით სავსე ნიჟარას უძლებს, აუცილებელი პირობაა. კომპლექტს შესაძლებელია დეკორატიული საყრდენებიც მოყვებოდეს. ნიჟარის ქვემო სივრცე თავისუფალია რაც აბაზანას სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას სძენს.
ზოგჯერ ამ თავისუფალ ადგილზე თაროებს ან კალათს ათავსებენ. წყლის გაყვანილობაც ნიჟარის უკანაა ჩამალული. შემრევი შესაძლებელია ნიჟარაზე ან კედელზე იყოს მიმაგრებული.
ნიჟარები სადგამზე
ის კვარცხლბეკზე იდგმება, სადაც კომუნიკაციებია ჩამალული. საყრდენი შეიძლება მისადგმელი ან მონოლითური იყოს. ასეთი ნიჟარები საკმაოდ პრაქტიკულია და კლასიკური იერი აქვთ. თუმცა, მათი მთავარი უარყოფითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ან სტილის ნიჟარას არ აქვს შესანახი სივრცე. ამიტომ თუ სააბაზანოში ცალკე სათავსოებისთვის არასაკმარისი ფართია, სხვა ვარიანტის შერჩევაა მიზანშეწონილი.
ჩაშენებული ნიჟარა
ის საკმაოდ მოხერხებულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში არაა ნიჟარის კედელზე მიმაგრების აუცილებლობა. ტუმბო კომუნიკაციებს ფარავს, ამავე დროს ის და უჯრები შესანახ სივრცეებს აჩენს. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ტუმბოს მასალა, ის ნესტგამძლე უნდა იყოს.
დასადგამი ნიჟარები
ეს ახალი და ტრენდული მიმართულებაა. ამ შემთხვევაში ნიჟარა პირდაპირ მაგიდაზე, ტუმბოზე ან კონსოლზე იდება. ასეთი ნიჟარები პოპულარულია მათი ორიგინალური იერის წყალობით. ამას გარდა, დასადგამი ნიჟარის დამონტაჟება საკმაოდ მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი.