in

XIX საუკუნის რესტავრირებული სახლი შვედეთში

Banner M2
Banner M2

საკუთარი ოჯახისთვის ახალი სახლის ძიების დროს, ლინდასა და მარტინს ძველი, კირქვის ფასადიანი კარ-მიდამო შეუყვარდათ და მას ახალი სიცოხლე შთაბერეს.

მარტინ და ლინდა ბენდელინ მუნკხამმარები კუნძულ გოტლანდზე გაიზარდნენ, სწავლისა და მუშაობისთვის კი სტოქჰოლმში გადაბარგდნენ. პირველი ბავშვის გაჩენისთანავე წყვილმა სამშობლოში დაბრუნება მოინდომა, რადგან შთამომავლობისთვის ისეთივე უზრუნველი ბავშვობის ჩუქება უნდოდათ, როგორიც თვითონ გამოიარეს.

თავიდან წყვილი დასახლებას ვისბუსთან ახლოს გეგმავდა, მაგრამ სანაპიროზე მდებარე ამ თეთრფასადიანმა სახლმა მათი გული პირველი ნახვისთანავე დაიპყრო. ძველი მფლობელები შეძლებისდაგვარად ზრუნავდნენ 1850-იანი წლების ამ შენობაზე. მათ ძველი ღუმლებისა და ხის იატაკების შენარჩუნება შეძლეს, თუმცა, არასახარბიელო მდგომარეობაში. ლინდასა და მარტინს წინ დიდი სამუშაო ელოდათ. სახლში არ იყო კანალიზაცია, ელექტროობა, თბოიზოლაცია და გათბობა.

რემონტში წყვილს მარტინის მამა ეხმარებოდა. თავიდან ოჯახმა სარდაფი ამოთხარა და გათბობის სისტემა დააყენა. სახლის ირგვლივ დრენაჟი მოეწყო და პირველი სართულის იატაკები დათბუნდა.

ცოლ-ქმარმა ხის ჭერიდან და ქვის კედლებიდან ძველი მოპირკეთება მთლიანად მოხსნა. სამზარეულოსა და მთავარ საძინებელში ორიგინალი იატაკების შენარჩუნება ვერ მოხერხდა, თუმცა აღებული ფიცრები საბავშვო ოთახისა და მეორე სართულის შემოსასვლელის იატაკისთვის გამოდგა.

რემონტის პროცესში წყვილი სახლის პირველადი იერის შენარჩუნებას ცდილობდა. სამზარეულოში ტიხრები მოხსნეს და ხის ფეჩი გამოაჩინეს, როგორც ეს თავიდან იყო ჩაფიქრებული.

სასტუმრო ოთახის იატაკზე სქელი ხის ფიცრები და ფანჯრების ღრმა თაღები მნახველს სახლის მდიდარ წარსულს ახსენებს. მარტინმა საძინებლის კედლები ცემენტის ნარევით დაფარა, რკინის ჯაგრისით გადახეხა და ქვის ორიგინალურ წყობას ხაზი გაუსვა. სააბაზანო ოთახი შუშის სექციაშია მოთავსებული, საიდანაც ზღვის ხედი იშლება.

ინტერიერის ფერადი პალიტრის შექმნისას, დიასახლისი ინსპირაციას კუნძულის საყვარელი ადგილებიდან ღებულობდა. მაგალითად, სამზარეულო რუხ, კვამლისფერ ტონშია შეღებილი, რომელიც გოტლანდის ქვიან სანაპიროებს ჰგავს.

ქვიშისფერ ტონში შესრულებული საძინებელი კი დიასახლისს კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე  სანაპიროს ახსენებს. ლინდამ  „Colorama Visby“-სთან ერთად  საკუთარი ფერები აღმოაჩინა და ინტერიერში გამოიყენა.

აპლიკაციები, რომლებიც ფერის დატესტვაში დაგეხმარებათ

სიმწვანეში ჩაფლული ბარი ჩაქვში – ნატალია დავითაშვილის ნამუშევარი