“არ ვიცი რატომ ვარ დღეს აქ – იმიტომ რომ ერაყიდან ვარ, იმიტომ რომ ქალი ვარ, თუ იმიტომ რომ ცოტათი გიჟი ვარ?” – ეს არის მათემატიკის მაგისტრის და არქიტექტურაში დეკონსტრუქცივიზმის მიმდინარეობის ფუძემდებლის, დღეს უკვე ლეგენდარული ქალი არქიტექტორის – ზაჰა ჰადიდის სიტყვები, რომლებიც მან ნობელის პრემიის ანალოგ არქიტექტორების “პრიცკერის” უმაღლესი პრემიის მინიჭების დროს წარმოთქვა 2004 წელს.
ზაჰა ჰადიდი დაიბადა ბაღდადში 1950 წელს მაშინდელი ინტელექტუალური ელიტის ოჯახში. მისი სიტყვებით, წარმატება პროფესიაში ოჯახის კულტი იყო. მას ჰიჯაბი არასდროს უტარებია და განათლება კათოლიკური მონასტრის სასწავლებელში მიიღო. მამა მაშინდელი დემოკრატიული პარტიის ლიდერი და საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო, ამიტომ ჰადიდს ბავშვობიდანვე ჰქონდა საშუალება ჩაკეტილი ქვეყნიდან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მომხვდარიყო და იქაურ კულტურას ზიარებოდა. მას მათემატიკის მაგისტრის დიპლომი ჰქონდა, როცა ლონდონში, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ არქიტექტურულ ბიურო “OMA” – ში გაწევრიანდა. მისი მასწავლებელი, გამოჩენილი ჰოლანდიელი არქიტექტორი – რემ კოლჰაასი მასზე ამბობდა: „ჰადიდი საკუთარ ორბიტაზე მოძრავი პლანეტაა“.
ზაჰას სიტყვებით, მისი არქიტექტურის სამყაროში შებიჯება იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ახალი მიმდინარეობის ძიება აქტიურად მიმდინარეობდა და მან თავის მიმდინარეობად ფუტურისტული დესტრუქცივიზმი აირჩია. ჰადიდი ექსპერიმენტებისა და ცდების მეშვეობით მუდმივად ავითარებდა საკუთარ სტილს და კარიერის ბოლოსთვის მან თავისი პროფესიული გზა ასე დაახასიათა: „ჩემი შემოქმედება წყალში ჩაშვებულ ყინულს ჰგავს, რომელიც დროთა განმავლობაში ბასრი წახნაგებიდან მომრგვალებულ და ლანდშაფტთან შერწყმულ ფორმებში გადადის. ბუნებაში სწორხაზოვანი ფორმები არაა, როგორ ფიქრობთ, შემოქმედმა არარაციონალურად გამოიყენა სივრცე?“
ზაჰა ყოველთვის გაუკვალავი გზით მიდიოდა და რაც უნდა წარმოუდგენელი მოჩვენებოდა მისი ჩანაფიქრის განხორციელება, თავის იდეას არასდროს ღალატობდა. რევოლუციური იყო ასევე მისი პრეზენტაციების ფორმის ცვლილება. მან ტრადიციული ჭრილებისა და არქიტექტურული ნახაზების ნაცვლად საპრეზენტაციოდ აბსტრაქტული ხედები გამოიყენა, რამაც გაამართლა.
საკუთარი არქიტექტურული ბიურო ზაჰამ 1980 წელს შექმნა, თუმცა 90-იან წლებამდე ის „ქაღალდის არქიტექტორად“ რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაჰას ნამუშევრები ინვესტორებს ძალიან მოსწონდათ, ვერავინ ბედავდა მისი წარმოსახვის რეალობაში განხორციელებას. პირველი მისი ხორცშესხმული პროექტი გერმანული კომპანია „ვიტრას“ მიერ აშენებული სახანძრო სამსახურის შენობა იყო. ამ პროექტით ყველა დარწმუნდა, რომ ზაჰას სიურეალისტური პროექტები რეალობაში ფუნქციონალურობითაც გამოირჩეოდა.
თუმცა, ნამდვილი წარმატება ჰადიდს ცინცინატში (აშშ) თანამედროვე ხელოვნების ცენტრის აშენებამ მოუტანა. აქედან დაიწყო მისი აღმასვლა და „მრუდი ხაზების დედოფლის“ პროექტების რეალობაში გადმოტანა.
სადგური სტრაზბურგში (საფრანგეთი),
სათხილამურო ტრამპლინი და საბაგირო გზა ინსბრუკში (ავსტრია),
21-ე საუკუნის რომის ნაციონალური მუზეუმი,
ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში
“ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა გავმხდარიყავი პირველი სახელგანთქმული არქიტექტორი ქალი, მე ყოველთვის ვცდილობდი შემექმნა საუკეთესო ნამუშევარი. განა დამარქმევდნენ არქიტექტურის „დივას“ მამაკაცი რომ ვყოფილიყავი?”. ზაჰამ 65 წელი გაატარა დედამიწაზე და მრავალი თვალსაჩინო პროექტი აჩუქა მსოფლიოს, მათგან განსაკუთრებულებია:
სასტუმრო “ოპუსი”, დუბაი
საფეხბურთო მოედანი, კატარი
40 სართულიანი სასტუმრო მაკაოში, ჩინეთი
გალაქსი სოჰო — ოფისი და სავაჭრო გასართობი კომპლექსი, პეკინი
ტონდემუნის დიზაინ პლაზა, სეული
ლეეზა სოჰოს კოშკი, პეკინი, ჩინეთი ეს ზაჰა ჰადიდის ბოლო პროექტია, სადაც ის უშუალოდ იყო ჩართული.
ზაჰა ჰადიდს არ ჰყოლია მეუღლე და შვილები, ის მთლიანად მოცული იყო თავისი პროფესიით და მისით ცოცხლობდა. ცხოვრობდა ლონდონის ასკეტურად გაწყობილ ბინაში, სადაც სასტუმრო ოთახი სამუშო ადგილად ჰქონდა გადაკეთებული, ხოლო სამზარეულო სულაც გააუქმა, ის მახინჯი არისო, ამბობდა იგი. მას ახასიათებდნენ როგორც უსაზღვოდ პატივმოყვარესა და ამავე დროს გულითად ადამიანს. თუმცა როგორც ყველა გენიალური ადამიანის შემთხვევაში, მისი ბოლომდე გაგებაც ვერავინ შეძლო. ის მრავალ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში ასწავლიდა. „არ შეგეშინდეთ თქვენი ოცნებების“ – ყოველთვის ეუბნებოდა სტუდენტებს პროფესორი, რომელმაც ნანატრი რეალობაში გააცოცხლა.