ფერების სიყვარულითა და მღებავის პროფესიონალიზმით იქმნება ნამუშევრები, რომლებიც უბრალო შენობას ჰარმონიულ საცხოვრებელ ბინად აქცევს. მღებავის პროფესია სავსეა ახალი გამოწვევებით, თავგადასავლებითა და ინოვაციებით, რომლებსაც ჩვენი სახლები პერფექციონიზმამდე მიჰყავს.
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი კომპანია „ღებვის ხელოვნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაზა ხალაძეა, რომელიც ძმასთან, ზურა ხალაძესთან ერთად მუშაობს და მათი საქმიანობა ფერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კედლისთვის სრულიად ახალი იერსახის შექმნაა.
ზაზა, მოგვიყევით როგორ მოხვდით ამ სფეროში, რატომ გადაწყვიტეთ მღებავის პროფესიის დაუფლება და რა გზა გაიარეთ დასაწყისიდან დღემდე?
მღებავობა დელიკატური სფეროა და მას სჭირდება ძალიან აკურატული მუშაობა, სწორედ ამიტომ დამჭირდა წლები, რომ გამომემუშავებინა ისეთი უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა იდეალურად და სუფთად შეღებილი კედლის შესაქმნელად. როდესაც მღებავს პერფექციონისტული მიდგომები აქვს, ეს უნარ-ჩვევებ მის ნამუშევრებიც კარგად ჩანს. თუმცა ჩვენს პროფესიაში აუცილებელია თვითგანვითარება, რადგან დღეს უკვე აღარ არის ის, რაც გუშინ იყო.
როგორ დაეუფლეთ მღებავის პროფესიას? სად და როდის შეისწავლეთ ეს ხელობა?
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი და დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, საზაფხულო არდადეგების დროს, მამაჩემს გავყევი სამუშაოზე, რომელიც იმ დროს სამშენებლო სფეროში მოღვაწეობდა. ამის შემდეგ ნელ-ნელა მივეჩვიე რეჟიმში მუშაობას და რაღაცების შესწავლას, თუმცა სამღებრო საქმეს ცოტა მოგვიანებით გავეცანი, როდესაც მამაჩემმა სთხოვა ერთ გულისხმიერ ადამიანს, ჩემთვის პროფესიის საწყისები ესწავლებინა. სწორედ აქედან იწყება ჩემი სამღებრო თავგადასავალი, რომლის დროსაც ჩემი მასწავლებელი არ იშურებდა არც დროს, არც ენერგიას და არც სურვილს, რომ ცოდნა მიმეღო.
ეს სფერო თუ არ გიყვარს, მაშინ დიდად ვერ წახვალ წინ, ვერ განვითარდები, რადგან მღებავის პროფესია მუდმივად მოითხოვს ახალ და ინოვაციურ საკითხებში გარკვევას და მათ შესწავლას. სამწუხაროა, რომ ჩვენთან მღებავის პროფესიის არარსებობის გამო, ხელოსნების უმრავლესობა ცოდნას პრაქტიკაში იღებს. პრაქტიკა აუცილებელია, თუმცა მას თეორიაც უნდა უმაგრებდეს ზურგს.
შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი შესრულებული სამუშაო? როგორი იყო პირველი სამსახურის გამოცდილება?
პირველი სამღებრო სამუშაოს შესრულება მეტად ამაღელვებელი შეგრძნება იყო – როცა იცი, რომ შენ ხარ პასუხისმგებელი, როცა შენ გეკითხებიან აზრს და შენს სიტყვებს ითვალისწინებენ დამკვეთები. ეს ძალიან კარგია, თუმცა ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ხვდები, რომ შენზეა ბევრი რამ დამოკიდებული და შენ ქმნი ამ კონკრეტულ ინტერიერს, რომელიც სხვა ადამიანის საცხოვრებელ ადგილად უნდა იქცეს. ბინაში, როგორც წესი, ყველაზე დიდი სივრცე კედლებს უკავია და შესაბამისად, სამღებრო სამუშაოებიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დასაწყისში შეცდომები ყოველთვის იჩენს თავს, თუმცა მთავარია მათი დანახვა და გამოსწორებაზე მუშაობა, რადგან პროფესიონალიზმისკენ მიმავალ გზაზე ეს აუცილებელი პირობაა.
როგორია თქვენი პროფესიის ადამიანისთვის ერთი სამუშაო დღე?
დილა იწყება გეგმის შედგენით. სანამ სამსახურში მივალთ, მე და ჩემი ძმა მანქანაშივე ვადგენთ დღის გრაფიკს და ვათანხმებთ, რომელი რას ვაკეთებთ. გარკვეული საქმეები განაწილებული გვაქვს, მაგალითად, მე ჭერს ვამუშავებ, ჩემი ძმა – კედლებს და ასე შემდეგ.
დილის აუცილებელი რიტუალია ერთი ჭიქა გემრიელი, ნალექიანი ყავა. შემდეგ კი მაშინვე ვიწყებთ საქმიანობას. როდესაც ობიექტზე მივდივართ, პირველ რიგში, წინა დღეს შესრულებულ სამუშაოს ვამოწმებთ და თუკი რაიმე დეფექტს აღმოვაჩენთ, მუშაობას სწორედ მისი გამოსწორებით ვიწყებთ. შემდგომ ვასრულებთ დაგეგმილ საქმეს, საღამოს კი უკვე მეორე დღის სამუშაო პროცესზე ვიწყებთ ფიქრს.
გაქვთ რომელიმე საყვარელი პროექტი, რომელზე მუშაობის პროცესიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?
ასეთი პროექტი ბევრია. ამ შემთხვევაში პროექტში მონაწილე ადამიანები უფრო კარგად და ტკბილად გამახსოვრებენ თავს და ეს თავად პროექტსაც სძენს თავისებურ ხიბლს.
თუმცა, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი ნამდვილად გვქონდა. ეს იყო სულ რაღაც რამდენიმე ხნის წინ, როდესაც საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმიდან დაგვიკავშირდნენ, სადაც გამოჩენილი ბრიტანელი ხელოვანის, ბენქსის გამოფენა უნდა მოწყობილიყო და სივრცის შეღებვა გვთხოვეს შავ-თეთრ ფერებში. ის ფაქტი, რომ ასეთი სახელოვანი ადამიანის გამოფენაში მცირე წვლილის შეტანა შემეძლო, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის. თუმცა, ეს არ იყო მარტივი, რადგან ძალიან ცოტა დრო გვქონდა. საჭირო იყო 1700 კვადრატული მეტრის შეღებვა, მე კი ეს ერთ დღეში შევძელი ჩემი აპარატით.
მართალია, არავის სჯერა, რომ ერთ დღეში ამხელა ფართობის შეღებვა მოვასწარი, მაგრამ მე და ჩემმა პულვერიზატორმა ეს ნამდვილად შევძელით. მუშაობის პროცესში, თითქოს, მეუბნებოდა, “მიდი, ოღონდ შენ შეძელი მუშაობა, არ დაიღალო და არც მე დაგაღალატებ და არ გიმტყუნებო”.
რა ძირითად გამოწვევებსა და სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში? რა არის მღებავის მთავარი გამოწვევა?
როგორც უკვე აღვნიშნე, მღებავი არის ბოლო სახე იმ დიდი პროცესისა, რასაც სამშენებლო სფერო ჰქვია. მღებავის პროფესია არის უკვე დასრულებული პროექტი და მორჩა – ამით სრულდება სარემონტო სამუშაოები. შესაბამისად, ყველა დეტალი პირნათლად უნდა იყოს შესრულებული. ხშირად გვიწევს ჩვენამდე შესრულებული სამუშაოების დეფექტების გამოსწორება, ის სიტყვებიც ხომ ტყუილად არ თქმულა, “მღებავი გაასწორებსო”…
მღებავის პროფესია ბევრ სფეროს მოიცავს, ფიზიკასაც კი. იმდენად ბევრ და ერთმანეთისგან განსხვავებულ სახარჯ ნივთიერებასთან გვიწევს ურთიერთობა, რომ უნდა იცოდე ყველა მათგანის მოხმარების წესი და მათი პირნათლად დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ უყურადღებობით გამოწვეული შეცდომები.
როგორ უწყობთ ფეხს თანამედროვე ტენდენციებს? გვიამბეთ რა ტიპის ახალი ტექნოლოგიები არსებობს თქვენს სფეროში ამ ეტაპზე და როგორ გიმარტივებთ ეს ყველაფერი საქმიანობას?
ზოგადად, სამშენებლო სფერო სწრაფად ვითარდება, სარემონტო კუთხით კი მღებავის საქმიანობა ალბათ ერთ-ერთია, რომელიც ამ ტემპში მიდის წინ. იქმნება ახალი ტექნოლოგიები და პროდუქტები, რომელთა შესახებ ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არის ინფორმაცია. შესაბამისად, ასეთი სიახლეები არც შემოდის და არც იყიდება. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ევროპასა და აშშ-ში წლებია, მუშაობენ ე.წ “ახალი სკოლის” ინსტრუმენტებითა თუ სახარჯი მასალით.
პირადად მე, ხშირად ვიწერ აშშ-დან მსგავს ნივთებს. მაგალითად, უკვე წლებია, რაც “აირლესის” სიტემით ვღებავ მსოფლიოში ნომერ პიველი “ბრენდ გრაკოს” აპარატებით, ფითხსაც “აირლესით ვასხამ” და შემდეგ drywall skimming blade-ის დახმარებით ვასწორებ კედლებს, ვიყენებ ასევე drywall stilts, drywall finishing box და ა.შ.
ეს ყოველივე დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ძნელია მისი შეძენა, თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: ინოვაციური პროდუქციის საგრძნობლად ამცირებს სამუშაო პროცესის დროს და ხარისხს ბევრად აუმჯობესებს, რაც მნიშვნელოვანია უმოკლეს დროში მაღალი დონის სამუშაოს შესასრულებლად.
თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა გააჩნდეს პროფესიონალ მღებავს?
სახლში რაც გვხვდება კედელზე თუ ჭერზე, მღებავის შესრულებულია. ანუ სადაც არ უნდა გაიხედო, თითქმის ყველგან დაინახავ მღებავის მიერ შესრულებულ სამუშაოს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შესრულებული საქმე იყოს ძალიან სუფთა. თუკი თავად ხელოსანი გახლავთ გარკვეულწილად პერფექციონისტი, მაშინ იგი დეტალებზე იქნება ორიენტირებული და უმნიშვნელო რამესაც კი დიდ ყურადღებას მიაქცევს. ვფიქრობ, ამ პროფესიაში უმნიშვნელოვანესია გულისხმიერება და საკუთარი თავისგან მაქსიმალური ხარისხის მოთხოვნა.
თუმცა, ამ ბოლო დროს იმას დავაკვირდი, რომ ყველას სხვადასხვა ხარისხის აღქმა გააჩნია, როგორც დამკვეთს ასევე ხელოსანსაც. ზოგისთვის შეიძლება ძალიან იდეალურად იყოს ყველაფერი, მაგრამ სხვამ “იდეალურში” ბევრი ხარვეზი დაინახოს. სწორედ ამიტომ უნდა ვისწრაფვოდეთ ნამდვილი პროფესიონალიზმისკენ და იმას დავარქვათ “იდეალურად შესრულებული საქმე”, რაც ნამდვილად იდეალურია.
რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც თქვენი პროფესიით არიან დაინტერესებულები? საიდან დაიწყონ? რა უნარები უნდა ჰქონდეთ ამ სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის?
პირველ რიგში, უნდა იყვნენ ძალიან ყურადღებიანები, გულისხმიერები და პასუხისმგებლიანები. ზოგადად, ეს სფერო მოითხოვს არა მარტო სამუშაოს შესრულებას, არამედ სხვადასხვა ხასიათის ადამიანებთან ურთიერთობასაც და აუცილებელია, რომ ყოველთვის ვეცადოთ მეგობრული ურთიერთობის დამყარება. დღეს თუკი ვინმეს აქვს სახელი გაფუჭებული, ერთ-ერთი აუცილებლად ხელოსანია და მოდი, ვცადოთ ამ გატეხილი სახელის აღდგენა.
ამასთან, იმედია დროულად მოხდება პროფესია მღებავის საფუძვლების დადგენა და მსურველებს მისი თეორიულად სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. ამ პროფესიით დაინტერესებული პორებისთვის ჩემი რჩევა იქნება, რომ არასდროს შეწყვიტონ განვითარება და არ შეეშინდეთ სიახლეების, რადგან ჩვენი სფერო იმპროვიზაციასაც მოითხოვს. და ბოლოს, ნუ დაივიწყებთ ხარისხს, რადგან ხარისხი არის ის, რის გამოც არასდროს დაიკარგები და შენზე მოთხოვნა მუდამ იქნება. ამ გზით მოხვდებით იქ, სადაც მოხვედრაზე დასაწყისში ვერც კი იოცნებებდით…