in

თანამედროვე ინტერიერი ინდუსტრიულ სტილში – სტუდია ZROBIM architects-ის ოფისი თბილისში

ZROBIM architectsი ცნობილი საერთაშორისო არქიტექტურული სტუდიაა, რომელმაც სულ რამდენიმე ხნის წინ საკუთარი წარმომადგენლობა საქართველოშიც გახსნა. კომპანიის თბილისის ოფისი სააკაძის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნეს ცენტრში მდებარეობს და ის ZROBIM architectsის რიგით მე-7 უცხოური ფილიალია. პროექტზე იმუშავეს დიზაინერების გუნდმა მინსკიდან და ნიჭიერმა ქართველმა არქიტექტორმა, მერაბ მებუქემ.

“თბილისის ოფისის კონცეფციის მთავარ იდეას წარმოადგენდა ქართული ფერისა და ეროვნული მახასიათებლების ასახვა პროექტში. ინტერიერს უნდა გამოეხატა ის ფაქტი, რომ ოფისი საქართველოში მდებარეობს და ამავდროულად ხაზი გაესვა მის თანამედროვე, მინიმალისტურ დიზაინზე,” – გვიამბობენ ZROBIM architectsის წარმომადგენლები

აღსანიშნავია, რომ საოფისე ფართი საკმაოდ არასტანდარტული და მრავალფუნქციურია. ის აერთიანებს არქიტექტორული ბიუროს ZROBIM architectsის ოფისს, სამშენებლო მასალების წარმოების პარტნიორთა ოფისს, საზოგადოებრივ ცენტრსა და ბარს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სივრცეს საკმაოდ საინტერესო გეგმარება აქვს. მასში გვხვდება ცენტრალური შესასვლელი ზონა, სამზარეულო, მოლაპარაკებების ოთახები, სხვადასხვა ტიპის სამუშაო ზონები, ხელმძღვანელის კაბინეტი, სველი წერტილი, საგარდერობე და დამხმარე ფართები.

გეგმარებითი ნახაზი

პროექტის ავტორების მიზანი იყო, შეექმნათ ისეთი სივრცე, სადაც კომფორტული მუშაობა გახდებოდა შესაძლებელი, მაგრამ ამავდროულად ზონები უხეშად არ იქნებოდა ერთმანეთისგან იზოლირებული. სწორედ ამ მიზნით, ოფისში გვხვდება ღია გეგმარება, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი მყარი ტიხრების რაოდენობა, თუმცა სწორი დიზაინ გადაწყვეტების წყალობით, თითოეულ ზონას გააჩნია პრივატულობა. შესაბამისად, სივრცეში ყველა ზონა ურთიერთკავშირშია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განმარტოებაც.

პირველი, რაც შესვლისთანავე იპყრობს დამკვირვებლის ყურადღებას, არის სახასიათო დიზაინის მქონე შესასვლელი, სადაც განთავსებულია პოლირებული მეტალისგან დამზადებული თანამედროვე ტიპის რეცეფციის მაგიდა. ამავე ზონაში, მკვეთრი ლურჯი აქცენტის სახით, შემოდის რბილი იატაკი, რომელიც დომინანტ ელემენტად გვევლინება სივრცეში და პირველად მოსულ სტუმარზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფისი თანამედროვე მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და მასში გამოყენებულია ისეთი მასალები, როგორიცაა მეტალი, ბეტონი და შუშა, ის არ არის “ცივი”. პროექტის ავტორები ამ საკითხს შესაბამისად მიუდგნენ და დიზაინში შემოიტანეს ისეთი დეტალები, რომლებიც ძალიან ეფექტურად აბალანსებენ სივრცეს, მაგალითად, ხე, შპონი, რბილი ავეჯის ქსოვილები, რაც კიდევ უფრო მეტად აღვივებს კომფორტის შეგრძნებას.

საკმაოდ საინტერესოა სამზარეულო ზონის დიზაინი. ეს სივრცე არ არის იზოლირებული დანარჩენი ფართისგან, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ის სწორ ადგილას არის დაპროექტებული, არ საჭიროებს ტიხრებით შემოსაზღვრას და თანამშრომლებისა თუ სტუმრებისთვის ერთგვარ მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენს. აქ შესაძლებელია როგორც უბრალოდ ინტერიერით ტკბობა, ასევე პროექტების განხილვა კოლეგებთან ერთად ფინჯანი ყავის თანხლებით.

ყურადღებას იქცევს სამზარეულოს კუნძული, რომლის დიზაინი თავად პროექტის ავტორებს ეკუთვნით. მასზე დამონტაჟებულია სრულად ფუნქციური ნიჟარა, რომლის წყალგაყვანილობა უნიკალური საინჟინრო გადაწყვეტების წყალობით, უკავშირდება იატაკს ისე, რომ კუნძულის შუაგულში არ გვხვდება მილები ან სხვა არაესთეტიკური ჩანართები. ამ ტექნიკის საშუალებით პროექტის ავტორებმა სამზარეულო ზონას მეტი სიმსუბუქე და ჰაეროვნება შემატეს.

რაც შეეხება სამუშაო ზონებს, ოფისში გვხვდება როგორც საერთო სივრცეები, ასევე ორი იზოლირებული შეხვედრების ოთახი, სადაც თავისუფლად არის შესაძლებელი სტუმრების მიღება ისე, რომ ოფისის თანამშრომლებს სამუშაო პროცესში ხელი არ შეეშალოთ.

რაც შეეხება დირექტორის სამუშაო ოთახს, ის შუშის ტიხრითაა გამოყოფილია დანარჩენი სივრცისგან, რაც საერთო ჯამში, პროექტს ერთიანობის განცდას უნარჩუნებს.

მნიშვნელოვანია, რომ გარდა სტუდიის სამუშაო ზონებისა, სივრცეში სწორად ათვისებული დამატებითი ფართებიც გვხვდება. საუბარია საგარდერობე ოთახზე, საქვაბესა და სათავსოზე, სადაც განთავსებულია ოფისის მოვლისთვის საჭირო ჰიგიენური საშუალებები და საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს მცირე ზონები რეცეფციის მთავარი ზონის უკან არის ჩაშენებული იმ ფორმით, რომ ისინი მოსული სტუმრებისთვის სრულიად შეუმჩნეველია და შესაბამისად, “ვიზუალურ ხმაურს” არ იწვევენ.

პროექტის ავტორების თანახმად, ZROBIM architectsის თბილისის ოფისი ერთგვარად ქართულ ხასიათსა და კულტურას გამოხატავს, რაც შერჩეული ფერთა პალიტრისა და მრავალმხრივი დიზაინის შექმნით მიიღწევა.

არქიტექტურული სტუდია: ZROBIM architects

პროექტის ავტორები: მერაბ მებუქე, ნადეჟდა ნესტერენკო, ალექსეი კორაბლიოვი, ანდრუს ბეზდარი 

ავეჯი: BY Furniture

დეკორი: OTKHI ceramic factory

ფოტოგრაფი: Yaroslav Lukiyanchenko

სანათების ბრენდი TOOY უკვე საქართველოშია

ადგილი, სადაც ყველფერია იდეალური ცხოვრებისთვის – თბილისში “წავკისი პანორამა” შენდება