ვისაც სოფელში უცხოვრია, ანდაც ბავშვობაში ზაფხულის არდადეგები სოფელში გაუტარებია, კარგად იცის, რამხელა სენტიმენტის და ემოციის გამოწვევა შეუძლია სოფლის სახლს ადამიანის გულში. საუკეთესო მოგონებები სწორედ აქ იბადება – ამიტომაცაა, რომ დღემდე კარგად გვახსოვს ჩვენი სოფლის სახლის სუნი, კარგად გვახსოვს სოფლის კაკალი, ვაშლი.. ბებია – ეზო-კარის მომვლელი ადამიანი, რომელიც სწორედ რომ სოფლის მოგონებების ერთგვარი ბურჯია.
როდესაც ზურა შევარდნაძესთან გურიაში, სოფელ ბახვში წავედით, აღმოვაჩინეთ, რომ სწორედ ასეთ ადამიანთან ვიყავით სტუმრად – სოფელთან დაკავშირებული ემოციებითა და სენტიმენტებით სავსე პიროვნებასთან, რომელიც იქ ჩასულ სტუმრებს სწორედ სოფლის მოგონებებსა და პერსონაჟებს უზიარებს.
და მაინც, როგორი ისტორია დგას ამ სახლის მიღმა? ზურაბ შევარდნაძე თავად უამბობს Homeis.ge-ს მკითხველს:
– გვიამბეთ ბახვსა და ამ სახლზე.. როგორი ამბებითაა დატვირთული ეს სახლი და ეზო, საიდან მოდის მათი ისტორია?
ბახვი არის ჩემი დედულეთი, მე აქ არ დავბადებულვარ. ახლო მდებარე სოფელში, ასკანაში დავიბადე, სკოლა იქ დავამთავრე, იქ გავიზარდე, ამიტომ არც ერთი ბახველი არ იტყვის, რომ იქაური ვარ. ეს არის დედაჩემისეული, წულაძეების სახლი. ჩემი დიდი ბებია იყო ესმა წულაძე, ძალიან საინტერესო, ძლიერი, ყოჩაღი თალაკვაძის ქალი, რომელსაც ჰყავდა ოთხი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი ქეთო. ამ ოთხი ძმიდან ერთი გარდაიცვალა და დიდმა ბებია-ბაბუამ ეს ეზო გაუნაწილეს 3 ვაჟიშვილს, მერე კი ერთ-ერთი ნაწილი შეხვდა ჩემს ბებია-ბაბუას.
ამ ადგილას იდგა ძველი სახლი, სადაც ჩემში ძალიან დიდ ემოციას იწვევდა თითოეული დეტალი – ყველა სახელური, ფანჯარა, მოაჯირი… ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ეს სახლი გამეახლებინა და გამეკეთებინა ისე, რომ სტუმრების ჩაყვანა შემძლებოდა. თუმცა, ეს არ გამომივიდა, რადგან ის სახლი უკვე ძალიან ძველი და მორყეული იყო. იქაურმა ხელოსნებმაც მითხრეს: “ზურაბ, არ გამოგივა ეგ ამბავი, ჯობია ეს სახლი წავიდეს და იმის ადგილას ააშენო პატარა და ახალი სახლი.” შესაბამისად, დავანგრიე ის სახლი და უფრო პატარა, კომპაქტური სახლი ავაშენე ახალი მასალით. თუმცა, ძველი სახლისგან რაც კი დეტალების შენარჩუნება შეიძლებოდა, ყველაფერი დავიტოვე: აივნის მოაჯირი, კარების სახელური, ავეჯი, ბებიას სარკე, სანათი, ჭაღი, მაგიდის გადასაფარებელიც კი არ გადამიგდია.
– როგორი დაგვიხასიათებდით თვითონ სახლსა და მის შიდა სივრცეს?
სახლი მოიცავს ერთ მისაღებ ოთახს, რომელშიც ასევე შედის სამზარეულო, სადაც ვმასპინძლობთ სტუმრებს, ორ საძინებელს და პატარა აივანს. არაფერი განსაკუთრებული არ მიდგას იმ სახლში, ელექტრომოწყობილობებიც კი არ მაქვს. მე ყოველთვის მინდა, ადგილი გავდეს იმას, რაც უნდა იყოს – არაფერი ზედმეტი. ბლენდერი, ტოსტერი, მიკროტალღური ღუმელი და მსგავსი რაღაცები ჩემთვის უცხოა, რადგან მე ასე არ ვცხოვრობდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმყუდროვე და უბრალოება, არ მომწონს რაღაცით თვალის მომჭრელი სივრცეები.
ისიც უნდა ვთქვა, რომ გურიაში სულ ეზოში ვართ. ეზოში დიდი წაბლის ხე გვაქვს და ბებიას დროიდან ამ წაბლის ძირში ვატარებდით დროს გაზაფხულიდან დაზამთრებამდე. ჩრდილს არ იტყოდნენ ჩვენები, ან “გავიდეთ ჩრდილში”, ან “დავსხდეთ ჩრდილში”, ან “სტუმარი მივიღოთ ჩრდილში”, სულ “წაბლის ძირში” უნდა გავმასპინძლებოდით სტუმარს. ახლა ის წაბლი უკვე გამხმარია, თუმცა, იმის გვერდით ახალიც დგას და უკვე მის ქვეშ ვშლით სუფრას.
– როგორი მოგონებები გაკავშირებთ ამ სახლთან და ეზოსთან? ბავშვობის რა ნაწილი დაყავით აქ?
ჩემი ბებია მე უკვე დაქვრივებული მახსოვს, მეჩაიე-კოლმეურნე ბებია მყავდა და სულ ჩაიში იყო. ჩემი მშობლები სულ ცდილობდნენ, რომ ბებია მარტო არ ყოფილიყო და ხშირად მგზავნიდნენ მასთან. ჩემი სოფლიდან, ასკანიდან ოზურგეთში ავტობუსი ისე ვერ მოხვდება, ბახვი თუ არ გაიარა. ამიტომაც, სულ მივყვებოდი ამ ავტობუსს, რომ ბებია მარტო არ ყოფილიყო. შესაბამისად, ჩემი ნახევარი ბავშვობა სწორედ აქ მაქვს გატარებული. თუმცა, ბახველები მე არ მიღებენ. ოზურგეთში თუ იკითხავთ ჩემ შესახებ, აუცილებლად ასკანაში გაგიშვებენ.
ორივე სოფელში ზღაპრული ხალხი ცხოვრობს, ესეთ ადამიანებს იშვიათად შეხვდებით. როცა მეკითხებიან, რა ვნახოთ გურიაშიო, მე ვეუბნები: “ნახეთ ადამიანები და იყავით ადამიანებთან ერთად, რადგანაც მათზე დიდი ღირსშესანიშნაობა გურიაში არ არის.”
– დღეს რამდენად ხშირად ჩადიხართ ბახვში?
მე ყველა შესაძლო შემთხვევას ვიყენებ იმისთვის, რომ იქ ამოვყო თავი და ერთი ღამით მეტი დავრჩე. შესაბამისად, არც ერთ შესაძლებლობას არ ვუშვებ ხელიდან, იქნება ეს გასვენება, ქორწილი, ორმოცი, წლისთავი და ა.შ სულ რაღაცას ვიმიზეზებ ჩემს თავთან და გონებაში ვამბობ “როგორ შეიძლება, არ წავიდე?”.. მთელ ზაფხულს იქ ვატარებ, რადგან ამაზე კარგად თავს ვერსად ვგრძნობ. ამ სახლში ხის კედლებია და ერთ-ერთ კედელზე კუთხე მაქვს, სადაც ხაზის ჩამოსმით ვნიშნავ, რამდენ ღამეს ვათევ, რადგან ჩემთვის იქ ყოფნა დიდ ემოციას და სიხარულს უკავშირდება. იქიდან რომ მოვდივარ, დასვენებული არასდროს ვარ, რადგან ზღვა ემოციით ვბრუნდები და თითქოს რაღაც ლოდი მომყვება. ნასაკირალის უღელტეხილზე ნაგომარში ჩასვლამდე ყველამ იცის, რომ მე იმ მონაკვეთში ვერ ვლაპარაკობ, ყოველ ჯერზე ასეა, გაჩერებული ვარ, რადგან რაღაც სხვა სევდით მოვდივარ იქიდან ყოველთვის.
– თქვენი სახლი ხშირად მასპინძლობს სტუმრებსაც..
სტუმრების გარეშე მე არ შემიძლია და საერთოდ მგონია, რომ სახლი არ სახლობს თუ იქ სტუმარი არ არის. ზოგჯერ დავიღლები ხოლმე, დავიწუწუნებ, ვიტყვი, რას შემჭამეს-თქო, მაგრამ 2 დღის მერე, გონზე რომ მოვალ და მივიხედ-მოვიხედავ, მერე მოვისაკლისებ და ვიტყვი, ვაიმე სად გაქრნენ ეს ადამიანები, სად არიან, როგორ არიან.. ამიტომაც სტუმარი სულ მინდა. გურიაშიც ან ვინმე მიმყავს თან, ან იქვე გამომივლიან, ბახვში. მერე იქ ჩემი მარშრუტები მაქვს და ვათვალიერებინებ იქაურობას. გარდა ამისა, ჩემთან მოსულებს ვუზიარებ იქაურ ამბებს, ისტორიებს, პერსონაჟებს, რომლებზეც ხშირად ვწერ ხოლმე და სიხარულით მისმენენ ისინი. ხანდახან იმდენად ბევრია ეს სტუმარი, რომ სასტუმრო-სახლიც კი გავაკეთე.
რთულია, როცა სტუმარი თავისუფლად ვერ გრძნობს თავს, ჩემს სახლში ვერ ვეტეოდით და ამიტომ ჩემი სახლის გვერდით, დარეჯან ცეცხლაძის ეზო-კარი ვიყიდე და ის მოვაწყვე ისე, რომ სტუმრებს იქ შეეძლოთ ცხოვრება. ისიც ძალიან ლამაზი სახლია და მასშიც ბევრი არაფერი შემიცვლია, უბრალოდ ცოტათი მოვალამაზე.
– თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ლოგიკურია, გვიჩნდება კითხვაც – როგორ უვლით აქაურ ეზოს?
ჩემი ეზო ბაღით ნამდვილად არ გამოირჩევა – თბილისიდან ძალიან ძნელია ბაღის მოვლა, ამიტომ არც ვეჭიდები მაგ საქმეს. ყანა მაქვს, ხეხილი მაქვს, თხილი მაქვს.. წინა ეზო კიდევ მინდორია უბრალოდ, ერთადერთი სუროა სახლზე, წაბლის ჩრდილია, როგორც გითხარით, ბიმბილა ბლები დგას, დემირა ვაშლები დგას, ხეჭეჭური მსხალი დგას, ნიკადო მსხლის ხეები დგას და ადესა ყურძენია ყველგან მიბლანდულ-მობლანდული. ჩემთვის ეს ყველაფერი საკმარისია, რადგან არც მაქვს მოთხოვნილება, ღვიოდეს იქაურობა – ამ ეზოში გადაფურჩქნილი ბაღები არასდროს ყოფილა. რამდენიმე მოწესრიგებული ბუჩქი სრულიად საკმარისია ჩემთვის იქ.
– აპირებთ რაიმეს შეცვლას სამომავლოდ ამ ეზოსა და სახლში?
ნამდვილად არ ვაპირებ რაიმეს შეცვლას. ერთადერთი, მომინდებოდა, გურულები როგორც ვეძახით “შუაცეცხლის ქუხნა” იდგეს ეზოში, რადგანაც ჩვენთვის, გურულებისთვის ეს ერთგვარი ტრადიციაა. ასე გავიზარდეთ ჩვენ – მოსახარში სახლში არ იხარშებოდა, ყველაფერი ჩახანაში ჯაჭვზე, შუაცეცხლზე ან ბუხარში იხარშებოდა. ამას რამდენიმე ახსნა აქვს და სწორია ეს ახსნა: იქაურ სახლებში სინესტეა და ეს სუნი ძალიან უჯდება სახლს. ამიტომ, სახლში საჭმელი არ კეთდებოდა. მგონია, რომ ეს ახლაც საჭიროა, რადგან ძალიან პრაქტიკულია საჭმლის გარეთ მომზადება.
– და ბოლოს, ორიოდ სიტყვით გვიამბეთ ოდებზე და მათ არქიტექტურაზე..
ეს არქიტექტურა ძალიან საინტერესოა… ეს ტრადიციული ოდა-სახლები, რომლებიც ზოგადად კოლხურია და დასავლურია, მიეკუთვნება ძალიან ტრადიციულ არქიტექტურულ ფორმებს. ეს ფორმები კი სრულად დაკავშირებულია იქაურ კლიმატურ პირობებთან. შემოდგომაზე ეზოში რომ გაიარო, დაინახავ, რომ თითქმის წყალია იქ ჩამდგარი. ამ ნესტიან მიწაში პირდაპირ ჩამდგარი სახლები კი ძალიან არაჯანსაღია. 55-60-იან წლებში ყველა ასე დგამდა სახლს, პირდაპირ მიწაში. ნესტი კი ძირიდან მოდიოდა და მოდიოდა. ამიტომ სახლების აშენების ჭკვიანური გზა შემოვიდა, ვაშენებთ ბარჯგებზე და ზუსტად ვიცით, რომ სახლში ნესტი არ დაგვხვდება. როგორც გურულები ვამბობთ, ქვემოდან სულ “უქირქილებს ჰაერი” და ეს კარგად გამოჩნდა სულ რამდენიმე ხნის წინ – პატარა წყალდიდობა იყო და ამ წყალმა, როგორც ვიტყვით ხოლმე “გეიარა და წავიდა”, ვითომც არაფერი, მეორე დღეს კი ისევ მშვიდობა იყო ჩვენს სახლში.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე